პროექტის წერის და მართვის საფუძვლები პედაგოგებისთვის

23 მაი, 2022
იხილეთ სრული ვერსია

წინამდებარე სახელმძღვანელო შემუშავდა პროექტის ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. სახელმძღვანელოს მიზანია შეუქმნას მკითხველს ზოგადი წარმოდგენა პროექტის მომზადების, დაფინანსების და მართვის ძირითადი ეტაპების შესახებ, და დაეხმაროს მას სტანდარტული საპროექტო განაცხადის შედგენის პროცესში.

სახელმძღვანელოზე მუშაობის საწყის ეტაპზე, მისი ძირითადი სამიზნე აუდიტორიის რეალური საჭიროებების მოკვლევის მიზნით, ჩავატარეთ შეხვედრები ოთხი რეგიონის (გურიის, აჭარის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის) პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შემდგომში გვქონდა შესაძლებლობა დამატებით გვესაუბრა მასწავლებლებთან და კიდევ უფრო დეტალურად გაგვერკვია მათი ინტერესები და საჭიროებები იმ სხვადასხვა ტრენინგების დროს, რომლებიც მათთვის პროექტის “ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” ფარგლებში, 2021 წლის ივნისი-ნოემბრის პერიოდში ჩავატარეთ. საბოლოო ჯამში, ყველა გამოთქმული სურვილის და მოსაზრების გათვალისწინებით, სახელმძღვანელოს შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საპროექტო (საგრანტო) განაცხადის მომზადებას.

შესაბამისად, სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო პროექტის დაგეგმვისა და საპროექტო განაცხადზე მუშაობის მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო პირველ ნაწილში წარმოდგენილია საგრანტო პროექტის მართვის ზოგადი კონტექსტი და განხილულია პროექტის განხორციელების პროცესის ზოგიერთი საყურადღებო ასპექტი.