საქართველოს ექსპორტის დინამიკის ცალკეული ასპექტები საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის ფონზე

20 დეკ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

ანგარიში მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის “ასოცირების სამოქმედო გეგმის ეფექტიანობის შეფასება ექსპორტის დივერსიფიცირების მიმართულებით” ფარგლებში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 2018

შესავალი

2014 წლიდან მოყოლებული საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მათ შორის ე.წ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას (DCFTA) ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას EFTA (Europe Free Trade Agreement) ქვეყნებთან (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია) და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია დავსვათ კითხვა: რამდენად იმოქმედა საქართველოს საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციაზე აღნიშნულმა ხელშეკრულებებმა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქონლის ექსპორტი, შესაძლოა, საკმაოდ ინერტული იყოს ცვლილებების მიმართ და სავაჭრო რეჟიმის ცვლილების სრული ასახვა ექსპორტის დინამიკაზე ჯერ არ მომხდარა (ეს შენიშნვა, განსაკუთრებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ეხება, რომელსაც ხელი 2017 წლის მაისში მოეწერა, ხოლო ძალაში ის მხოლოდ 2018 წლის იანვრიდან შევიდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ გადაგმულმა ზემოთხსენებულმა ნაბიჯებმა მედია თუ ანალიტიკურ სივრცეში, ასევე პოლიტიკურ წრეებში შექმნა საქართველოს ექსპორტის მოცულობის ნახტომისებური ზრდისა და დივერსიფიკაციის მოლოდინები როგორც გეოგრაფიული, ისე სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინების გასამართლებლად საჭიროა გარკვეული დროის, სულ მინიმუმ ხუთწლიანი პერიოდის კვლევა და მსგავსი ქვეყნების ემპირიული გამოცდილების ანალიზი, ასევე საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარების ანალიტიკური და საპროგნოზო მოდელების წინასწარი შემუშავება, მათი შემდგომი მოდიფიკაცია და ემირიული მასალის მოდელის მიერ ნაწინასწარმეტყველებ შედეგებთან შედარება.

გარდა ამისა, სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციისა თუ გამკაცრების შედეგების ობიექტურად გასაანალიზებლად აუცილებელია გარკვეული დროის გავლა და სხვა თანამდევი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების (ეკონომიკური ზრდის დინამიკა ექსპორტიორ და იმპორტიორ ქვეყნებში, ინვესტიციებისა და საფინანსო ნაკადები, სავალუტო კურსების დინამიკა, სახელმწიფოს დოსკრეტული პოლიტიკა და სხვა) შეძლებისდაგვარად გათვალისწინება, რაც შემგომი კვლევების საგანი უნდა გახდეს.

ამ კვლევის საშუალებით შესაძლებლად მიგვაჩნია ცალკეული ტენდენციების ფრთხილი ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება მომდევნო კვლევების უფრო ეფექტიანი გზით წარმოების მიზნით. კვლევა შეიცავს ექსპორტის დინამიკის მიმოხილვას ზოგადი დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

ასევე ცალ-ცალკეა გაანალიზებული ევროკავშირის, დსთ-სა და დანარჩენ მსოფლიოში, როგორც საქართველოს საექსპორტო ბაზრებზე ნაჩვენები დინამიკა. საგარეო ბაზრების ასეთი დაყოფა გამართლებულია, ვინაიდან ეს იძლევა საშუალებას რელიეფურად გამოჩნდეს ქართული ექსპორტის განვითარებაში გამოკვეთილი უმთავრესი ტენდენციები გეოგრაფიული და სასაქონლო ჯგუფების ნიშნით. ანალიზისთვის სიღრმის მისაცემად ცალ-ცალკეა გადმოცემული 2014, 15, 16 და 17 წლები, ხოლო 2018 წლისათვის მხოლოდ პირველი ხუთი თვის შედეგები მიმოხილულია ზოგადად, ვინაიდან მონაცემები არასრულია და მიმდინარე წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ტენდენციებზე დასაბუთებული საუბარი ამის გამო მეტად რთულია. დასკვნის სახით მასალის ბოლოში წარმოდგენილია ანალიზის მოკლე შედეგები და რეკომენდაციები შემდგომი კვლევების საწარმოებლად.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ:

  • ქვეყანაში ექსპორტი თანდათანობით, ევოლუციურად იზრდება; ხდება ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირება, თუმცა ყოველწლიურად მთავარი ბაზრები არის ცვლადი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნესისთვის სტაბილური ბაზრის მოძიება ჯერ კიდევ პრობლემაა.
  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მყისიერი ზრდა მოხდა, თუმცა შემდეგ ზრდის ტენდენცია დასტაბილურდა და ევროკავშირის ბაზრის წილი საქართველოს საექსპორტო ბაზრებში ბოლო წლებში 27-31%-ს შორის მერყეობს; რადიკალური ცვლილება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებადაა მოსალოდნელი.
  • ევროკავშირთან ვაჭრობის დინამიკისგან განსხვავებით, დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობა ხასიათდება უფრო მაღალი რყევებით, რაც განპირობებულია ბაზრის ნაკლები სტაბილურობით;
  • საქართველოს ექსპორტის ზრდაზე სერიოზული გავლენა აქვს მსოფლიო ბაზრებზე დაფიქსირებულ სავალუტო, მაკროეკონომიკურ, თუ სხვა ტიპის შოკებს.
  • ფართოვდება ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი, თუმცა პროცესი ნელია, რადგან საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ჯერჯერობით ნაკლებად ტექნოტევადი პროდუქციის წარმოებაშია, ხოლო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება ხანგრძლივ დროს, ინვესტიციებსა და ეკონომიკის მოწყობის ცვლილებას მოითხოვს;
  • ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებული პროდუქცია უფრო დივერსიფიცირებულია დსთ-ს ბაზართან შედარებით, სადაც ძირითადად ე.წ. ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი ხდება, (უმეტესად ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების).

საქართველოს ექსპორტის დინამ… by on Scribd

EXPORT_EPRC_EU