შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ შესრულების შეფასება

8 თებ, 2022
იხილეთ სრული ვერსია

2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის წარმომადგენლებმა, რომლებიც დოკუმენტის ხელმოწერის შემდგომ შევიდნენ პარლამენტში საკუთარი მანდატის განსახორციელებლად. ოპოზიციის მხრიდან თავდაპირველ ხელმომწერებს შორის იყვნენ შემდეგი პარტიები: „ლელო – მამუკა ხაზარაძე“, „რესპუბლიკელები“, ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“. ასევე, დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. მოგვიანებით დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „ლელოს“ წევრმა – დავით უსუფაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა თეონა აქუბარდიამ და პაატა მანჯგალაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ – გრიგოლ ვაშაძემ, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ყოფილმა თავმჯდომარემ – დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა – არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ. გარდა ამისა, დოკუმენტს მხარს უჭერდა: ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გუნდი, ასევე, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატები, აწ უკვე ევროპელი სოციალისტები. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყველაზე ბოლოს მიიღო, და შემდგომ შეთანხმების დოკუმენტზე ხელი 2021 წლის 2 სექტემბერს მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლი­ტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19­21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავე­ბას შეეხება.