შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში

7 ივლ, 2022
იხილეთ სრული ვერსია

„შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში – სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელიც მოიცავს  საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა უფლებებს ასახავს.

კვლევა მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 4136 (სამინისტროები-1934, თვითმმართველი ქალაქების მერიები-2202) საჯარო მოსამსახურე.

კვლევის მიზანია საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგი. კვლევის ფარგლებში განხორციელდა ა) საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან; ბ) სამიზნე საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; გ) საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; დ)  სოციოლოგიური კვლევა (თვისებრივი და რაოდენობრივი).

კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: ა) სამუშაო დრო და დასვენების დრო; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაო და სახელფასო დანამატი; გ) არასრულ (ნახევარ) განაკვეთზე მუშაობა; დ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და მისი ანაზღაურება; ვ) პროფესიული განვითარების გამო შვებულება; ზ) შრომითი უფლებები კარიერის მართვის პროცესში (დროებითი ფუნქციების დაკისრება; საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლება და სხვა ფუნქციების დაკისრება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა); თ) პროფესიული კავშირები.

კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი დადებითი ტენდენციები: ა) ქალი საჯარო მოსამსახურეების მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება და, მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურების გარეშეც; ბ) საჯარო დაწესებულებების მიერ ქალი საჯარო მოსამსახურეებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად ანაზღაურება.

კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: ა) საჯარო დაწესებულებების მიერ პირების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გადაჭარბება; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაღალი მაჩვენებელი და ამ მიზნით გაცემული სახელფასო დანამატის მცირე ოდენობა; გ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობის სიმცირე; დ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების არარსებობა; ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაღალი მაჩვენებელი; ვ) ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევების არარსებობა; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნის სიმცირე; თ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენების მცირე რაოდენობა; ი) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანების ან/და კავშირის არარსებობა.

კვლევა წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს:

  • საჯარო დაწესებულებებმა წაახალისონ შემდეგი შრომითი უფლებების რეალიზაცია: ა) საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნა; ბ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენება; გ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენება; დ) პროფესიული გაერთიანებების/კავშირების შექმნა, საქმიანობა და მათთან თანამშრომლობა;
  • საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ შემდეგი შრომითი უფლებების რეალიზაცია: ა) ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება; ბ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის უფლების რეალიზაცია;
  • საჯარო დაწესებულებებმა გაატარონ შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯარო დაწესებულებების შინაგანაწესების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან; ბ) საჯარო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და პროფესიული გაერთიანების/კავშირების მნიშვნელობის თაობაზე; გ) საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან თანამშრომლობის გაზრდა შრომითი უფლებების ეფექტური იმპლემენტაციისა და მონიტორინგის თვალსაზრისით; დ) შრომითი უფლებების მდგომარეობის ამსახველი სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება და ყოველი წლის ბოლოს საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდება;

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში.

დანართი

ა) სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროებს გაუმჯობესებას:

  • საჯარო სამსახურში ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოთვლის წესის დადგენა, მისი აღრიცხვა და შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება;
  • ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების გამიჯვნა ბავშვის მოვლის გამო შვებულებისგან და მამის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების იმ დღეების გამოყენების უფლება, რომელიც დედას არ გამოუყენებია;
  • მეძუძური ქალის მიერ, ბავშვის კვების მიზნით, სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათიანი შესვენების უფლების დადგენა;
  • საჯარო მოხელისათვის დროებითი ფუნქციის დაკისრების პერიოდის გონივრული ზედა ზღვარის განსაზღვრა;
  • საჯარო მოხელის საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლებისა და სხვა ფუნქციების დაკისრების 3 წლიანი ვადის  შემცირება;
  • საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების შესაძლებლობის გაუქმება.

ბ) სტატისტიკური ინფორმაცია

  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (საშტატო რიცხოვნობის 5%), კერძოდ: სამინისტროებში – 9-დან 85 პროცენტამდე, ხოლო თვითმმართველი ქალაქების მერიებში 7-დან 19 პროცენტამდე (გამონაკლისია თბილისის მერია- 88%) მერყეობს;
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაჩვენებელი მაღალია (დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების 47%, 1949 საჯარო მოსამსახურე);
  • თვითმმართველი ქალაქების მერიებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაჩვენებელი 3-ჯერ აღემატება სამიზნე სამინისტროებში დასაქმებული პირების მიერ ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულების რაოდენობას (სამინისტროები – 481, თვითმმართველი ქალაქების მერიები – 1467);
  • სამიზნე სამინისტროების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისათვის გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობა 2-ჯერ აღემატება თვითმმართველი ქალაქების მერიების მიერ დახარჯულ თანხას (სამინისტროები -1 017 646 ლარი; თვითმმართველი ქალაქების მერიები – 404 075 ლარი, სულ -1 421 721);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების დიდი უმრავლესობა (81%) ვერ ახერხებს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობას (დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების 56% ისარგებლა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო მათგან 37% – ნაწილობრივ);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა 95 ქალმა საჯარო მოსამსახურემ (სამინისტროები -63, თვითმმართველი ქალაქები -32);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებმა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებები სრულად აანაზღაურეს (სამინისტროები -476 379 ლარი, თვითმმართველი ქალაქები -66 673 ლარი, სულ – 543 052 ლარი);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებები ხშირად მიმართავენ საჯარო მოსამსახურეებისთვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების პრაქტიკას (499 საჯარო მოსამსახურე). სამიზნე სამინისტროებში საჯარო მოსამსახურის ძირითადი ფუნქციებისგან გათავისუფლება და სხვა ფუნქციების დაკისრების მაჩვენებელი 92%-ია, ხოლო თვითმმართველი ქალაქების მერიებში საჯარო მოსამსახურისათვის დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაჩვებელი – 92%-ს;
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში, საჯარო მოხელეების მიერ პროფესიული განვითარების გამო შვებულებით სარგებლობა მნიშვნელოვნად დაბალია (1%, 45 საჯარო მოხელემ (სამინისტროები -29, თვითმმართველი ქალაქები -16).

იხილეთ სრული ვერსია.