შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა პანდემიის დროს - საქართველოს შესახებ ანგარიში

11 დეკ, 2020
იხილეთ სრული ვერსია

კვლევა მომზადებულია პროექტის – „შრომის უფლებები პანდემიის დროს” ფარგლებში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ანგარიში მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გავლენა ფორმალურად და არაფორმალურად დასაქმებულ მშრომელებზე და ამ კონტექსტში გააანალიზოს შრომის პოლიტიკა, კანონმდებლობა და ინსტიტუტები.

ანგარიშის მიზანი ასევე გახლავთ, პანდემიის გამო გაზრდილი საჭიროებების ფონზე, გაანალიზოს და შეაფასოს სახელმწიფოს სოციალური დაცვის სისტემა, ისევე როგორც სახელმწიფოს საგანგებო ანტიკრიზისული ნაბიჯების ეფექტიანობა. ანგარიშში განხილულია პანდემიის დროს ფორმალურ სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფორმები და მიზეზები და წარმოდგენილია ამ დარღვევების სამართლებრივი შეფასება.

ანგარიში ასევე ეხება სპეციფიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეცსოციალური და შრომით- სამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფი არაფორმალურად დასაქმებულები აღმოჩნდნენ.ბოლოს, ანგარიში მიმოიხილავს მიზეზებს, თუ რატომ შეხვდა საქართველოს მოსახლეობა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკიდურესად მოუმზადებელიდა რატომ არ აღმოაჩნდა სახელმწიფოს მიმდინარე კრიზისზე ეფექტიანად რეაგირებისთვის აუცილებელი, შრომის პოლიტიკისა და სოციალური დაცვის შესაბამისიინსტრუმენტები.ანგარიშში გაანალიზებულია  საქართველოში შრომისა და სოციალური დაცვის პოლიტიკების ფუნდამენტური ხარვეზები პანდემიის პერიოდში.

ანგარიში დაყოფილია ხუთ თავად. პირველ თავში მოცემულია ანგარიშის ძირითადი მიგნებები. მეორე თავი ეხება კრიზისის გავლენას ფორმალურად დასაქმებულ მშრომელებზე და აანალიზებს უფლებების დარღვევების გარვცელებულ პრაქტიკებს და უფლებების მასობრივი დარღვევის ფონზე შრომის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის ჩავარდნებს. მესამე თავი საქართველოში არაფორმალური დასაქმების სტრუქტურას, არაფორმალურად დასაქმებულების სოციალურ და ეკონომიკურ მოწყვლადობას და სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში მათი საჭიროებების იგნორირების სავალალო შედეგებს მიმოიხილავს. მეოთხე თავი აფასებს სოციალური დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს და კრიზისის შუქზე გააანალიზებს სოციალური დაცვის არსებული სისტემის ხარვეზებს, რამაც, ერთი მხრივ, კრიზისის მიმართ მოსახლეობის მოუმზადებლობა და დაუცველობა განაპირობა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო კრიზისთან გასამკლავებლად აუცილებელი სოციალური დაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტების გარეშე დატოვა. ბოლო, მეხუთე თავი კი, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ ზოგად რეკომენდაციებს ეთმობა.