სკოლების დეპოლიტიზება: ძირითადი ტენდენციები, მიგნებები და გამოწვევები რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ანგარიში

27 იან, 2022
იხილეთ სრული ვერსია

2020 წელს განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიციატივით, შემუშავდა განცხადება განათლების დეპოლიტიზების შესახებ, რომელსაც 38-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოაწერა  ხელი. აღნიშნული განცხადება საფუძვლად დაედო განათლების სპეციალისტების, უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებულ სკოლების დეპოლიტიზების საზოგადოებრივი კომისიის შექმნას, რომლის მიზანია დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები (მასწავლებლები, დირექტორები და ა. შ.) პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან. მოცემულ კონტექსტში განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით და ორგანიზაციასთან „ღია სივრცე კავკასია“ პარტნიორობით განახორციელა პროექტი „სკოლების დეპოლიტიზება“ და მოამზადა ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების/ფაქტების ანალიზი და რეკომენდაციები.

პროექტის „სკოლების დეპოლიტიზება“ განხორციელებული საქმიანობის შედეგად მკაფიოდ გამოვლინდა, რომ შიშისა და უნდობლობის გამო ადგილობრივ დონეზე საჯარო სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს უჭირთ პოლიტიკური დევნის შესახებ საუბარი დედაქალაქიდან ჩასულ მკვლევრებთან თუ უფლებადამცველებთან. მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა სფეროში არსებული სამართლებრივი ნორმების, თავიანთი უფლებებისა და მათი დაცვის შესაძლებლობების შესახებ. ასევე, რეგიონულ სამოქალაქო ორგანიზაციებში სუსტადაა განვითარებული კომპეტენციები საარჩევნო, განათლებისა და დისკრიმინაციის საკითხებში, იმისათვის, რომ მათ მოახდინონ ადგილებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და შეძლონ კვალიფიციური დახმარების გაწევა განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის.

სწორედ ხსენებული პრობლემების პასუხად დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი „რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზებისთვის“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა ათი რეგიონული ნდობის ჯგუფი, რომელთა დაკომპლექტება სწორედ მულტიდისციპლინური შემადგენლობით მოხდა ადგილებზე მოქმედი საზოგადოებრივი, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტების, უფლებადამცველებისა და განათლების სფეროში დასაქმებული პირებისაგან. ნდობის ჯგუფების ძირითად მიზანს წარმოადგენს ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე პოლიტიკური ზეწოლის, იძულებისა თუ სხვა შესაბამისი უკანონო ქმედებების იდენტიფიცირება, ინფორმაციის შეგროვება და რეაგირება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ სასკოლო საზოგადოებაში ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და პოლიტიკურ პროცესებში მათი უკანონო ჩართვის პრევენცია. პროექტის ფარგლებში დეპოლიტიზების კამპანიამ საზოგადოებრივი მოძრაობის სახე შეიძინა და დაისახა გრძელვადიანი ამოცანები.

სკოლების დეპოლიტიზების პროექტი და რეგიონული ნდობის ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობდნენ ადგილობრივ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და მედია საშუალებებთან. პროექტის ფარგლებში შეირჩნენ რეგიონული ნდობის ჯგუფების კოორდინატორები, რომლებმაც ჯგუფის წევრებთან ერთად განსაკუთრებული როლი ითამაშეს პროექტის წარმატებაში, განათლების დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კოორდინატორები არიან: ნაზიბროლა რეხვიაშვილი – აჭარა; მარიამ გოროზია – სამეგრელო -ზემო სვანეთი; თემურ სუყაშვილი – ქვემო ქართლი; მარიამ გინოსიანი – სამცხე-ჯავახეთი; გიორგი პაპაშვილი – კახეთი; მედეა პავლიაშვილი – შიდა ქართლი; ნათია ხუცურაული – გურია; ანა შალიკიანი – ქვემო იმერეთი, ქვემო სვანეთი; ნათია ბარბაქაძე – ზემო იმერეთი, რაჭა; ფერიდე გაგოევა – მცხეთა-მთიანეთი. გვსურს, პროექტის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ გაწეული შრომისა და საქმიანობისათვის! ამავდროულად, მოხარულები ვართ, რომ დეპოლიტიზების საზოგადოებრივ მოძრაობაში მათი საქმიანობა გრძელდება!