სტატუსმეტრი 3.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ

16 მაი, 2023
იხილეთ სრული ვერსია

2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობას შეაფასებს. „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

სტატუსმეტრის პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი  პროგრესი არ შეიმჩნევა. დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.

სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, აქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია.