ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება თბილისის მაგალითზე

30 ივლ, 2021
იხილეთ სრული ვერსია

ჯანსაღი, თანასწორი და სამართლიანი ურბანული გარემოს ფორმირება დიდად არის დამოკიდებული ამ სფეროს მართვის სისტემის გამართულობაზე. მდგრადი ურბანული განვითარების პროცესის წარმართვისთვის აუცილებელია ისეთი ინსტიტუციური სისტემის არსებობა, რომელსაც შესწევს ძალა, ეფექტურად გაუმკლავდეს ქალაქებში დაგროვებულ გამოწვევებს, დროულად მოერგოს მუდმივად ცვალებად საჭიროებებს და ეფექტურად შეძლოს რეაგირება არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე. ამ პროცესში ერთ-ერთი ცენტრალური როლი სწორედ მუნიციპალიტეტებს აკისრიათ. ურბანული განვითარების მწყობრი მუნიციპალური მმართველობითი სისტემა, მათ შორის ურბანულ განვითარებაზე პასუხისმგებელი ძლიერი ადმინისტრაციული ორგანოების არსებობა, გადამწყვეტ როლს ასრულებს დაბალანსებული და ჯანსაღი ურბანული გარემოს ფორმირებაში. თუმცა, საქართველოში მსგავსი სისტემის ფორმირება წლებია ვერ ხერხდება და მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს.

უკანასკნელი პერიოდში, დედაქალაქში ურბანული დაგეგმარების პროცესის მოწესრიგების მიზნით რამდენჯერმე შეიცვალა დაგეგმვაზე პასუხისმგებელი უწყების ინსტიტუციური მოწყობა, 2018 წლის დასაწყისში დაფუძნდა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. ქალაქში დაგროვილი ურბანული გამოწვევების ფონზე, დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა პოზიტიურად შეფასდა პროფესიულ წრეებში და შესაბამისი მოლოდინიც გააჩინა. იგი აღიქმებოდა მანამდე მოქმედი ურბანული მმართველობითი სისტემის რეორგანიზებისა და დამკვიდრებული პრაქტიკიდან გადახვევის მცდელობად. თუმცა, 2018 წლიდან სამსახურმა რეორგანიზაციის რამდენიმე ტალღა გაიარა და ამჟამად ის თბილისის მერიის სტრუქტურაში სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სახით არის წარმოდგენილი და დამოუკიდებელ ერთეულს აღარ წარმოადგენს.

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს, შეაფასოს ურბანული განვითარების მმართველობითი სისტემის ძირითადი ხარვეზები დედაქალაქის მაგალითზე. გამოკვეთოს გამოწვევები, რომლებიც ურბანულ განვითარებასა და მის მმართველობით მუნიციპალურ სისტემას ახასიათებს, შეაფასოს განხორციელებული რეფორმები და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.

ავტორები: ნანო ზაზანაშვილი, გვანცა ნიკოლაიშვილი, მარიამ თავაძე, ანა ხუროძე

კონსულტანტი: ფრანცისკა შრაიბერი

დიზაინერი: თორნიკე ლორთქიფანიძე

ყდაზე გამოყენებულია ნატა ბუაჩიძის ნამუშევარი

 

ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება თბილისის მაგალი… by OSGF on Scribd