რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კუთხით დახურულ დაწესებულებებში

2 ოქტ, 2017

 

ციხეებში წამების ამსახველი კადრების გავრცელებიდან 5 წელი გავიდა.

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” დღეს წარმოდგენილი მცირე კვლევის ანგარიში ეხება წამების, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით 2012-2017 წლებში საქართველოში არსებულ მდგომარებას.

კვლევა ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული კუთხით. მიუხედავად,  რამდენიმე მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, ჯეროვანი სისტემური რეფორმები კვლავ არ განხორციელებულა.

ეს განსაკუთრებით ეხება ჯეროვანი ინსტიტუციების შექმნას, რომელთა არსებობის შემთხვევაში წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, ჩადენილი ფაქტების ეფექტიანი რეაგირება კონკრეტული ადამიანების კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული.  მაგალითად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მიუკერძოებლად გამოიძიებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს არასათანადო მოპყრობის კუთხით არსებული სიტუაციის მთავარ გამოწვევას.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა პატიმართა რაოდენობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პირობებს, ჯანდაცვის სფეროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციულ მექანიზმებს, მოსამართლის როლს წამების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას, წამების ფაქტების გამოძიებას და ა.შ. მასში მოყვანილია 2015 წელს განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპრყობის ფაქტების შესახებ, რომელიც წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ანგარიშში იქნა ასახული. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ანგარიშებში მოყვანილი ფაქტები, რომელიც ეხება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს.

კვლევა ძირითადად ეყრდნობა ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი ავტორიტეტული საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი საზედამხედველო ორგანოების, ისევე როგორც, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  მოხსენებებსა და ანგარიშებს.

ანგარიშის პრეზენტაციას  მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.