რა ვერ დაუთვალა “ქართულმა მარშმა” სოროსს და სახალხო დამცველს?

12 აგვ, 2020

წყარო: mythdetector.ge

ანტილიბერალური პოლიტიკური გაერთიანება “ქართული მარში”  ,,ღია საზოგადოების ფონდის” წინააღმდეგ კამპანიას განაგრძობს. ტვ “ობიექტივის” ეთერში “ქართული მარშის” წევრებმა ფონდის წინააღმდეგ ორი ინფორმაცია გააჟღერეს: 1. სოროსმა 4 მილიონი გამოყო მართლმადიდებლობასთან საბრძოველად. 2. სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო დაწესებულებაა და მისი დაფინანსება სოროსის ფონდის მიერ არის  ,,მოქრთამვა” და თავად დაფინანსების მიზანშეწონილობა საეჭვოა. ამასთანავე ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ისინი მიმართავენ პარლამენტს, აიკრძალოს უცხო ქვეყნის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „დაახლოებით ერთი კვირის წინ საკმაოდ დიდი თანხა გამოყო ჯორჯ სოროსმა მართლმადიდებლობასთან ახალი ფრონტის გაშლის მიზნით. ჩვენი ე.წ არასამთავრობოებიც ელოდებიან დაახლოებით 4 მილიონს ამ თანხიდან, რათა გაიშალოს ახალი ფრონტი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ დღეს შევიტანეთ პარლამენტში მოთხოვნა, რომ აიკრძალოს უცხო ქვეყნებიდან არასამთავროების დაფინანსება და აიკრძალოს, თავისთავად, სოროსის ფონდის საქმიანობა” (30 ივლისი, 2020).

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში:  “მე ყველაზე მეტად შემძრა ერთმა ფაქტმა – სახალხო დამცველის ინსტიტუტი ეს არის ფაქტობრივად სახელმწიფო დაწესებულება და სახელმწიფო ორგანიზაცია, 160 000 აქვს მიცემული უკვე სოროსს სახალხო დამცველის აპარატისთვის, კერძო პირს, ჯორჯ სოროსს აქვს 160 000 ლარი მიცემული… დანიშნულება არის ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობა და ასე შემდეგ, მაგრამ, რა თქმა უნდა, [ეს არის შენიღბვა]. ეს არის ჩვეულებრივი მოქრთამვა” (2 აგვისტო, 2020).

ირაკლი შიხიაშვილი, ქართული მარში: ,, ჩვენ სახალხო დამცველს… ვიღაცა უნგრელი ებრაელი, მილიარდელი აფინანსებს… ეხლა ამიხსენით, ჩემს ქვეყანაში საკუთარი შხამის გავრცელების შესაძლებლობა რატომ უნდა ჰქონდეს ან რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს.“ (9 აგვისტო, 2020)

“ქართული მარშის” მიერ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. 1. ფონდს პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დამატებითი თანხის სახით არა 4 მილიონი, არამედ 1 მილიონი გამოეყო და თანხის დანიშნულება კოვიდ-19-ის პანდემიასთან და არა მართლმადიდებლობასთან ბრძოლაა. 2. სახალხო დამცველის აპარატი არა სახელმწიფო, არამედ დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც  კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული სახელმწიფოს  კონტროლის უფლება და ის დაფინანსებას სოროსის ფონდიდან პატიმრების უფლებების დაცვის მიზნით იღებს.

 

 1. ფონდს პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დამატებითი თანხის სახით არა 4 მილიონი, არამედ 1 მილიონი გამოეყო და თანხის დანიშნულება კოვიდ-19-ის პანდემიასთან და არა მართლმადიდებლობასთან ბრძოლაა.

 

“ღია საზოგადოების ფონდის” ცნობით, 2020 წელს კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შესამსუბუქებლად საქართველოს ფონდმა დამატებით 1 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო და არა 4 მილიონი, როგორც ამას სანდრო ბრეგაძე აცხადებს. აქედან 800 ათას აშშ დოლარზე მეტი მარტიდან ივნისამდე სხვადასხვა საჭიროებებზე გადანაწილდა- მათ შორის, ინფექციის მართვის საკითხებში გადამზადდა ასობით ექიმი და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები სამსახურიდან გათავისუფლებული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების რამდენიმე სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა, მოსწავლეებს გაუჩნდათ ონლაინ სწავლების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაფინანსება მიიღო ადგილობრივი მედიამ.

პანდემიის დროს ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ინტერნეტი და კომპიუტერი 45 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს, ინტერნეტიზაცია სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში, მზრუნველობამოკლებული მოხუცების, პალიატიური პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება COVID 19-ის ეპიდემიის პირობებში და სხვა. კოვიდ-19 დაკავშირებით გაწეულ საქმიანობა ვრცლად ხელმისაწვდომია ფონდის  ანგარიშში, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი განმახორციელებელი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა თუ ფიზიკური პირების მითითებით ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"

 2. სახალხო დამცველის აპარატი არა სახელმწიფო, არამედ დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც  კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული სახელმწიფოს  კონტროლის უფლება და ის დაფინანსებას სოროსის ფონდიდან პატიმების უფლებების დაცვის მიზნით იღებს.

 

სახალხო დამცველის ოფისი კონსტიტუციური ორგანოა, რომლის კონსტუტუციური ვალდებულებაა ზედამხედველობა გაუწიოს სახელმწიფოს მიერ  ადამიანის უფლებების დაცვას. ინსტიტუტი დამოუკიდებელია საკუთარ საქმიანობაში. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად:

საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” არ უზღუდავს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებიის მიღებას. ეს შეზღუდვა საქართველოში არც სხვა საჯარო დაწეესებულებებზე ვრცელდება.

ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველის ოფისს წლებია სხვადასხვა საერთაშორის ორგანიზაციები ეხმარებიან, მათ შორის ევროკავშირი, ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID) და სოროსის ფონდიც.

“ღია საზოგადოების ფონდის” ცნობით, 2020 წელს მათ სახალხო დამცველის ოფისს დაუფინანსეს პროექტი, რომელიც დახურული ტიპის დაწესებულებებში  წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გაძლიერებას  ითვალისწინებს და ამ დაწესებულებების მონიტორინგს გულისხმობს, პატიმრების, წინასწარ დაკავებულებისა და პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შემცირების მიზნით.

"

არასამთვრობოების და საერთაშორის ორგანიზაციების შეზღუდვის მოთხოვნა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიის შემადგენელია

 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი აქტივობების ფინანსური მხარდაჭერის შეზუდვის მოთხოვნა წლებია რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის შემადგენელია და მას სხვადასხვა აქტორები ახმოვანებენ. ეს მიდგომა 2015 წლის რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიასთან არის თანხვედრაში. დოკუმენტში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითად საფრთხეებად შემდეგი აქტორებია დასახელებული:

„… უცხო ქვეყნის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების… ქმედება, რომელიც მიმართულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ქვეყნის შიდაპოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაციისკენ, რაც გულისხმობს ასევე „ფერადი რევოლუციების“ ინსპირაციას და რუსეთის ტრადიციული სასულიერო ღირებულებების წინააღმდეგ ქმედებას”.

 

"



ქართული მარშის შესახებ

ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფის „ქართული მარშის“ გამოჩენა 2017 წლის ზაფხულში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციებს უკავშირდება. მარშის ლიდერები გამოირჩევიან ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით.  „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძეა. 2020 წელს გაერთიანებამ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის განცხადება გააკეთა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.