რა წერია კობახიძის კანონპროექტში, რომლის მხარდაჭერაზეც უმრავლესობაში "საბოლოოდ შეჯერდნენ"

18 მარ, 2019

წყარო: ტაბულა, 18 მარტი, 2019

ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერის გიორგი ჩიტიძის ინტერვიუ ტაბულასთან.

6 მარტს პარლამენტში დარეგისტრირდა ირაკლი კობახიძის და დეპუტატების – არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას “ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას” უწოდებს. მათივე შეფასებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე 16 და 18 მარტს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენა, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება კანონის სწორედ კობახიძის ვარიანტის დამტკიცებაა.

NGO-ები ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ, თუმცა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ 18 მარტს ქართულ ოცნებაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, “უმრავლესობის მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერა საბოლოოდ გადაწყდა“.

რა წერია “კობახიძის კანონპროექტში”

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლიდან, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ წარდგენილ მოთხოვნებს განსაზღვრავს, წაიშლება მე-4 პუნქტი (4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი).

ასევე, ემატება მე-7 და მე-8 პუნქტები ასეთი შინაარსით:

7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას.

8. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ჩაითვლებიან: ა) მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. ბ) ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; გ) სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა”.

ასევე, კანონს ემატება 34/1 (უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი) და 34/2 მუხლები (უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება), რაც ამ დრომდე კანონში არ არსებობდა.

სწორედ ახლად დამატებული 34/1 და 34/2 მუხლების პუნქტებშია ის ხარვეზები, რომლებიც არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელია.

გიორგი ჩიტიძე, რომელიც ღია საზოგადოების ფონდს წარმოადგენს, ტაბულასთანკანონპროექტის ხარვეზებზე დეტალურად საუბრობს.

გიორგი ჩიტიძე ფოტო: რადიო თავისუფლება

არის 5 პრინციპული საკითხი, რის გამოც მგონია, რომ ეს კანონპროექტი მორგებულია გავლენიანი ჯგუფის, კლანის ინტერესებს, ვინც წარადგინა მოსამართლეთა 10-კაციანი სია დეკემბერში” – ამბობს იურისტი.

საკითხი N1 – საკვალიფიკაციო გამოცდა

კანონპროექტში წერია: 

მუხლი 34/1, პუნქტი 4: “ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში. ამ კანონის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ პირთათვის, რომლებსაც არ აქვთ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან შესაბამისი გამოცდის შედეგები ძალადაკარგულია, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან არაუადრეს 21-ე და არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა”.

გიორგი ჩიტიძე ამბობს: 

“ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდები არასდროს ყოფილა. 2018 წლის 10 აგვისტოს, 7 თვის წინ კანონში პარლამენტმა ცვლილება შეიტანა და გამოცდა გააუქმა. გაუგებარია, 7 თვის შემდეგ რატომ ამბობენ, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა მნიშვნელოვანი ყოფილა.

გარდა ამისა, გამოცდას ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ანუ კლანი. შემფასებლები არიან ანონიმური პირები. არავინ იცის, ისინი ვინ არიან. საკვალიფიკაციო გამოცდა ის გამოცდაა, რომელიც ე.წ გვენეტაძის სკანდალს უკავშირდება (2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამჟღავნდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების საკითხები. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავარ პროკურორს მოუწოდეს, მომხდარსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო) და დღემდე არ არის გამოძიებული. ამ გამოცდას კრიტერიუმად უწესებენ.

შესაბამისად, გამოცდა პრობლემურია, გამოცდის ჩამტარებელი არის საბჭო, კანდიდატებს 21 დღეს აძლევენ მოსამზადებლად, რაც, უბრალოდ სასაცილოა. ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ეს გამოცდა არის იმისთვის, რომ არასასურველი კანდიდატები მოიშორონ”.

ჩიტიძე ამბობს, რომ გამოცდის დაწესება ემსახურება სწორედ კლანის მიზნებს ემსახურება. თუ მისი ჩატარება მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხია, შესაძლებელია, ამისთვის კანონში უკეთესი ჩანაწერი გაკეთდეს – არასამთავრობოები მმართველ გუნდს თავიანთ ვარიანტს სთავაზობენ – მოსამართლეობის კანდიდატებმა არ ჩააბარონ ტესტი, დაწერონ მხოლოდ ანალიტიკური დავალება, შემდეგ კი ყოველი მათგანი საჯაროდ გამოქვეყნდეს.

საკითხი N2 – ინტერესთა კონფლიქტი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ იმგვარ ნორმებს, რომელიც პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

გიორგი ჩიტიძე განმარტავს:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია მოსამართლეობის კანდიდატად თავისი თავი დაასახელოს, როგორც ეს გიორგი მიქაუტაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთეს.

მათ დაასახელეს თავისი თავები. ისინი საკუთარ კანდიდატურებს გადაწყვეტილების მიღების დროს ხმას არ აძლევენ, მაგრამ აქვთ წვდომა ყველა ინფორმაციაზე კონკურენტების შესახებ. შეუძლიათ, მათ კითხვები დაუსვან, მიიღონ მონაწილეობა კონკურენტებთან გასაუბრებაში. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, იმიტომ რომ პირდაპირ მიანიშნებს, რომ სხვა კანდიდატებთან უპირატეს მდგომარეობაში არიან“.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს სთავაზობდნენ, კანონპროექტით, საკუთარი თავის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილება შეჩერებოდათ.

საკითხი N3 – ფარდობითი კენჭისყრა – მუხლი 34/1, პუნქტი მე-7

კანონპროექტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევა მოსამართლეობის კანდიდატების განაცხადები და ისინი გადალახავენ ფორმალურ ეტაპს, ანუ დააკმაყოფილებენ ასაკის, გამოცდილების და სხვა ნორმებს, დგება ფარდობითი კენჭისყრის ეტაპი.

გიორგი ჩიტიძე გვიხსნის:

“დავუშვათ, შემოვიდა 100 განაცხადი. ამ 100 განაცხადიდან უნდა გადაირჩეს 45. ამას აქვს ფორმულა, რომ გრძელ სიაში (Long list) უნდა მოხვდეს წარსადგენი ვაკანსიების 2,5-ჯერ მეტი რაოდენობა. ამ 45 ადამიანის შესარჩევად საბჭო შეიკრიბება და არავინ იცის, რის საფუძველზე, ჩაატარებს კენჭისყრას – რის საფუძველზე ამჯობინებენ ერთ კანდიდატს მეორეს, იმიტომ რომ მათ არც მოუსმენენ.

გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ NGO-ები ამ გაუგებარი პროცედურის გასაუბრებით ჩანაცვლებას ითხოვდნენ.

საკითხი N4 – კანდიდატთა ნომინირება

განსახილველი პროექტი ითვალისწინებს მოსამართლის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს 2/3-ის უმრავლესობით, რაც ვერ უზრუნველყოფს არამოსამართლე წევრების რეალურ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

არასამთავრობოების შეთავაზებით, არსებითად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ითა და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით. ასევე აუცილებელია მიღებული გადაწყვეტილება იყოს სათანადოდ დასაბუთებული;

“საბჭო მოუსმენს ყველა კანდიდატს, შემდეგ შეიკრიბება სადღაც ოთახში და 2/3-ით, ანუ 10 ხმით იღებს გადაწყვეტილებას. ის 10 ადამიანისგან შემდგარი სიაც დეკემბერში მიიღო 10-მა ადამიანმა”, – ამბობს ჩიტიძე.

“ჯამური რიცხვი არის ისევ იგივე, უბრალოდ, არამოსამართლე წევრებს -3 ადამიანს, ანა დოლიძეს, ნაზი ჯანეზაშვილს და ირმა გელაშვილს, ექნებათ საშუალება, გადაწყვეტილებები დაბლოკონ, ისევე, როგორც ეს შეუძლიათ მოსამართლე წევრებს. ანუ უფრო დემოკრატული წესი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღების და არა ისეთი, რომელმაც უკვე იმუშავა პარლამენტში და ვნახეთ, რა სიაც გამოაგზავნეს. ამას ვთავაზობდით ჩვენც, ამერიკელებიც, ევროსაბჭოც და ევროკავშირიც, მაგრამ ეს არ უნდათ, იმიტომ რომ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება – კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არანაკლებ 2/3. ჩვენ სხვაგვარად დათვლას ვითხოვდით, თორემ ჯამურად ეს რიცხვი კვლავ 2/3-ია, ანუ 10 ადამიანი”, – ამბობს ჩიტიძე.

საკითხი N5 – პარლამენტის სამუშაო ჯგუფი

პარლამენტის ახალ რეგლამენტში არის ეკა ბესელიას და თამარ ჩუგოშვილის ინიციატივით ჩაწერილი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეობის ახალი კანდიდატის პარლამენტში წარდგენის შემდეგ იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც კანდიდატებზე დამატებით ინფორმაციას მოიძიებს.

გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ ეს ჯგუფი, კობახიძის პროექტით, მხოლოდ ფორმალურია და გაუგებარია, როგორ უნდა იმუშაოს.

“არ არის განსაზღვრული, ვინ იქნება ჯგუფის წევრი, ასევე, ისინი კომიტეტის სხდომაზე კითხვებს ვერ დასვამენ. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ კომიტეტის წევრები სვამენ კითხვებს და არა პარლამენტის სხვა დეპუტატები. პარლამენტ ახლა ნოტარიუსის როლი აქვს და მთელი სიმძიმე გადატანილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. ჩვენი წინადადებაა, რომ პარლამენტმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, მოაგროვოს კანდიდატებზე მეტი ინფორმაცია, დაუსვას მათ კითხვები და ა.შ“.

მისივე თქმით, არასამთავრობოების პრინციპული პოზიცია იყო, მოსამართლეობის თითო ვაკანტურ ადგილას 3 კანდიდატი განიხილებოდეს, თუმცა, მმართველი გუნდი არც ამაზე თანხმდება.   

“კომიტეტის სხდომებზე გამოჩნდა, რომ პარლამენტი არ აპირებს ამ საკითხების გათვალისწინებას. ეს კანონპროექტი მორგებულია იმას, რომ კანდიდატები იყვნენ მოქმედი ან ყოფილი მოსამართლეები, ის წრე, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი აკონტროლებს და გარედან არ შემოვიდეს არავინ. ეს კანონპროექტი არის მურუსძისთვისშეკერილი მანტია”, – ამბობს ჩიტიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გეგმავენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე ვენეციის კომისიასთანაც იმუშაონ, თუმცა, მათივე თქმით, უმრავლესობის პოლიტიკური ნებაა, რომ კობახიძის კანონპროექტი დამტკიცდეს, ყველაფერი სხვა კი ჩავარდეს.

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 2018 წლის 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს.

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება – დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს.

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია.

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის იყვნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს გახდა მმართველ გუნდში დაპირისპირების და შემდეგ მათი უმრავლესობიდან წამოსვლის მიზეზიც.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, “არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით”.

ირაკლი კობახიძემ კი რამდენიმე დეპუტატთან ერთად კანონპროექტი შეიმუშავა და როგორც ქართული ოცნების ოფისში 18 მარტის სხდომის შემდეგ გადაწყდა, მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.