რადიო თავისუფლების პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს

7 თებ, 2018

რადიო თავისუფლების სათავო ოფისი 1 თებერვალს რადიოს მენეჯმენტისადმი გაგზავნილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღია წერილს პასუხობს. წერილში ნათქვამია, რომ ქართულ სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები ორგანიზაციის შინაარსის თანამედროვე მიდგომების დანერგვას უკავშირდება. წერილში ხაზგასმულია, რომ ის გადაცემები, რომელზეც სამოქალაქო ორგანიზაციები აკეთებდნენ აქცენტს, რადიოს ეთერში დარჩება. გთავაზობთ წერილის ქართულ თარგმანს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ორიგინალი ვერსია ინგლისურ ენაზე.

“5 თებერვალი, 2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ხელმომწერებს:

მადლობას გიხდით თქვენი 1 თებერვლის წერილისთვის, რომელიც რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ეხებოდა. იმედი მაქვს, რომ შევძლებ თქვენი წუხილის გაქარწყლებას.

ყველა მედია ორგანიზაციის მსგავსად, რადიო თავისუფლებაც მუდმივად ახდენს თავისი კონტენტის შეფასებას, რა დროსაც განვიხილავთ ჩვენს გავლენას და სტრატეგიებს იმ ღირებულების გასაძლიერებლად, რომელსაც საკუთარ აუდიტორიას ვთავაზობთ. ჩვენი მისიის გათვალისწინებით, რომელიც აუდიტორიისთვის რეპორტინგის უმაღლესი სტანდარტის შეთავაზებას გულისხმობს, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ახალი ჟურნალისტური შესაძლებლობები გამოვიყენოთ და სიფრთხილით განვახორციელოთ ჩვენი საბიუჯეტო სახსრების ინვესტირება.

შესაბამისად, რამდენიმეთვიანი შიდა დისკუსიების და ანალიზის შემდეგ, გვინდა, რომ გავაფართოვოთ ჩვენი წარმომადგებლობა და გავლენა საქართველოში და იმავდროულად, შევინარჩუნოთ ის მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, რითიც ცნობილია რადიო თავისუფლება. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, ციფრული პლატფორმების მზარდ გამოყენებას, ამავე დროს, ახალი კონტენტის და ჟურნალისტური შესაძლებლობების განვითარებას. „ეხო კავკაზა“ კვლავაც იქნება ქართული სამსახურის შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც გიორგი გვახარიას გადაცემა. ჩვენ ასევე დავიწყეთ ახალი გადაცემა „პერსპექტივები“ აჭარის ტელეარხზე, ხოლო სალომე ასათიანის გადაცემა მის მოსამზადებლად საჭირო რესურსის მოძიებისთანავე განაახლებს მუშაობას. მთელი ჩვენი მუშაობის პროცესში, ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ და არა რისკის ქვეშ დავაყენოთ ჟურნალისტური ერთიანობა, რაც სამსახურის მთავარი კრიტერიუმია.

თქვენი წერილი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რასაც ბევრი ქართველი ჩვენს სამსახურს ანიჭებს. ამას საზოგადოების ნდობად განვიხილავთ. თქვენ დაწერეთ, რომ ქართული სამსახური არის როგორც ნოვატორი, ისე წამყვანი ამ სფეროში. ჩვენ დაბალანსებული, სამართლიანი და ინოვაციური ჟურნალისტიკის ერთგულნი ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ რადიო თავისუფლება და ჩვენი ქართული გუნდი კვლავაც მოიპოვებს თქვენს ღირებულ მხარდაჭერას.  

 

გულწრფელად

პრეზიდენტი თომას კენტი”