„რივიერას“ მშენებლობა შესაძლოა შეჩერდეს!

24 ივნ, 2021

ბათუმში, მეგაკომპლექსის „რივიერას“ მშენებლობის ნებართვის გასაუქმებლად სასამართლო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „ბათომი“-ს სარჩელს განიხილავს. საქმის განხილვის დასრულებამდე საქალაქო სასამართლომ მშენებლობის შეჩერებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა მოსარჩელეებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს არ წარმოუდგენია უარის  თქმისთვის აუცილებელი კონკრეტული და დამაჯერებელი მიზეზები. უარის თქმის გადაწყვეტილება,  მხოლოდ კანონის ნორმის აბსტრაქტული ანალიზის შედეგად, მშენებლობის წინააღმდეგ მოსარჩელეთა მტკიცებულებების განხილვის და შეფასების გარეშე მოხდა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახლა უნდა დაიწყოს საკითხის შესწავლა და ახლიდან გადაწყვიტოს შეჩერების საკითხი.

სარჩელი იწარმოება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.