საინფორმაციო ცენტრი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მშობლებისთვის

18 მარ, 2019

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 18 მარტს, ღია საზოგადოების ფონდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პირველი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაციით გაიხსნა.

„მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“ იქნება პირველი ფსიქო-ემოციური დახმარების ცენტრი, რომელიც მშობლებს და იმ ოჯახებს მოემსახურება, ვისაც მინდობით აღზრდაში ჰყავთ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები.

19 მარტიდან  ცხელი ხაზი ამუშავდება, რომლის მეშვეობით ამომწურავ და კომპეტენტურ ინფორმაციას მიიღებენ დაინტერესებული პირები საქართველოში არსებული მომსახურების შესახებ.

ცხელი ხაზი 551 46 15 55

“უხერხული დუმილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პირველი და ყველაზე ხშირი გამოცდილებაა. დუმილია ყველგან- სამშობიაროში, პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ოჯახში… მოუმზადებელ და არაინფორმირებულ მშობელს ორიენტაცია აქვს დაკარგული. აღარ იცის ვის მიმართოს რჩევისთვის. რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, რამდენ ხანს იცოცხლებს ბავშვი, რას შეძლებს, როგორ იქნება მისი და ოჯახის მომავალი.”- ამბობს ნინო კიკნაძე, ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელი.

დაუნის სინდრომის მშობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლია ტაბატაძის თქმით, რამდენიმე აქტიური მშობელი საინფორმაციო მხარდაჭერას არაფორმალურად ისედაც უწევდა დაინტერესებულ ადამიანებს. “ჩვენს მუშაობას უფრო ორგანიზებული სახე ექნება. ვეცდებით პასუხი გავცეთ დაინტერესებული ადამიანების ყველა კითხვას, დავეხმაროთ ახალბედა მშობლებს და ყველას, ვისთვისაც ბუნდოვანია დაუნის სინდრომის თუ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების პერსპექტივა. მთავარია, დროულად მოგვმართონ. ხშირად, მოგვმართავენ მშობლები, რომელთა შვილები 5-6 წელს გადაცილებულნი არიან. უმნიშვნელოვანესია ჩარევა განვითარების ადრეულ ეტაპზე. ამიტომ, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს განვითარების სპეციალისტების ჩართვა”.

მშობელთა საინფორმაციო ცენტრი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წამოწყებაა, რომელსაც ღია საზოგადოების ფონდი აფინანსებს. ცენტრი ყაზბეგის 30ა-ში, დაუნის სინდრომის მშობელთა ასოციაციის სოციალური საწარმო ბაბალე • Babale  ბაზაზე იმუშავებს.

მომსახურება უფასოა.

რიგით მერვე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის სლოგანია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს გზავნილი გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობას სრულფასოვან ცხოვრებაზე დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანისთვის.

ამ დღის აღმნიშვნელი ტრადიციული სიმბოლო ჭრელი წინდაა. საქართველოს ყველა ქალაქში ჭრელი წინდების აქციები #წინდამინდა მიმდინარეობს.

ნახეთ პრესრელიზი.