საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში-კონკურსის გამარჯვებულები

20 ნოე, 2019

ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი.

20 ნოემბერს ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგენა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში განხორციელდება. პროექტები მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა.

  • ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი – ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა.
  • საინიციატივო ჯგუფიგადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად;
  • ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების კამპანია.