სამოქალაქო მონაწილეობის მაგალითები საბჭოთა ოკუპაციამდე და პარალელი თანამედროვეობასთან

10 ნოე, 2015

“ინიციატივა ცვლილებებისთვის” ახალი პუბლიკაციაა, რომელიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე თემის თვითორგანიზებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მოგვითხრობს. წიგნის პრეზენტაციას თან სდევდა ფოტოგამოფენა, რომელიც უნიკალური და მდიდარი დოკუმენტური კადრებით გვიყვებოდა სამოქალაქო მონაწილეობის ამბებს. კვლევა ჩაატარეს და პუბლიკაციაზე იმუშავეს სათემო განვითარების ცენტრმა(CDC) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა (CCA) ფონდი  „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

წიგნში წარმოდგენილი მაგალითები ასახავს  სამოქალაქო მონაწილეობას 1921 წლამდე.  წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში არსებობდა თემის გაერთიანების და სამოქალაქო მობილიზების არაერთი მაგალითი სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო.

არსებობდა შრომითი გაერთიანებები ანუ ამხანაგობები, რომელთა მიზანი შრომითი რესურსის გაერთიანება იყო; სასოფლო გაერთიანებები, რომლის მიზანი სოფლის მართვის პროცესში მოსახლეობს ჩართულობა იყო,  ანდა საზოგადოებრივ-კულტურული გაერთიანებები, რომლებიც ცდილობდნენ სოფლად ან ქალაქში დამატებითი კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების შექმნას და ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

იმავდროულად, მაგალითებში ჩანს ის პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც იმჟამინდელი პოლიტიკურ- ეკონომიკური წყობის გამო ხელს უშლიდა სამოქალაქო ინიციატივების  გაფართოებას. მკითხველი ნათლად დაინახავს პარალელებს დღევანდელ ვითარებასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მაგალითები ხშირად ასი და მეტი წლის წინანდელ პროცესებს ეხება.

ინიციატივა ცვლილებებისთვის-… by on Scribd

წიგნი გამოიცა „ინიციატივა ცვლილებებისათვის“ კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომელიც დოკუმენტურად აღწერს საქართველოში თემის თვითორგანიზების კულტურასა და გამოცდილებას 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე. ამავე პროექტის ნაწილია ეს დოკუმენტური ფილმიც.