საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს

17 მაი, 2021

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ის ადამიანები აღნიშნავენ, ვისთვისაც თანასწორობა და ადამიანის უფლებები უმაღლეს ღირებულებებს წარმოადგენს. 17 მაისი ლგბტქი თემის საჯარო სივრცეში შეკრებასა და მანიფესტაციასთან ერთად, თემის წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.

საქართველოს რეალობაში, 17 მაისი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლის დღედ მოინიშნა, რომელიც ლგბტქი ადამიანებისა და აქტივისტებისთვის, ფაქტობრივად, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს. ლგბტქი ჯგუფისათვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების რეალიზება კვლავ განსაკუთრებით მწვავედ დგას, რასაც მოწმობს 2013 წლის 17 მაისის და ყოველი მომდევნო წლის 17 მაისის გამოცდილება.

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით. მიუხედავად ამისა, ლგბტქი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი და ამ საკითხებზე სახელმწიფოს რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო.

ღია საზოგადოების ფონდი მხარდაჭერას გამოხატავს და სოლიდარობას უცხადებს ლგბტქი თემის წევრებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, სიღრმისეულად გაიაზროს მისი როლი საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვაში. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას რეალური პირობები უფლებებით სარგებლობისთვის, რაც დანაშაულების გამოძიებისა და აღკვეთის პოლიტიკასთან ერთად, გულისხმობს გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემის სამართლიანობის, განათლების სისტემის ხელმისაწვდომობისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით.