საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა

25 სექ, 2017

2017 წლის 17 იანვარს  საქართველოში  ბავშვთა პირველი ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ გაიხსნა. ბავშვთა ჰოსპისი ოჯახური ტიპის დაწესებულებაა, სადაც  პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.  მომსახურება უფასო იქნება.

ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, მუშაობას გააგრძელებს შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე ერთი წელია არსებობს და ამ ეტაპზე 26 ბავშვს ემსახურება.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ბავშვთა ჰოსპისის პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის,  პრეზიდენტის და მოქალაქეების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტს შეესაბამება როგორც ფუნქციურად, ისე არქიტექტურულად.  საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალის“ მიხედვით შემუშავდა.  სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჰოსპისის სახელწოდება „ციცინათელების ქვეყანა“ და მისი ინტერიერი, რომელიც ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ.

თბილისის ბავშვთა ჰოსპისი პაციენტების მიღებას მომავალი კვირიდან დაიწყებს.