ერთობლივი განცხადება ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვის შესახებ

18 თებ, 2021

2021 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

18 თებერვალს დილით განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიციის ქმედებებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას საპოლიციო ძალის გამოყენებით აპირებს.

ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. მისი განმუხტვის უპირველესი ვალდებულება თავად მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული. პრობლემას ნათლად წარმოაჩენს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებები და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

აღნიშნული სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება სწორი პოლიტიური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც განმუხტავს არსებულ ვითარებას და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის უკიდურეს ზომამდე გამწვავებას თავიდან ააცილებს. ვფიქრობთ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ამ დაძაბულ ვითარებაშიც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას. კეძოდ,

მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს, არამედ ის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება.

შესაბამისად,  ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას. მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება (კერძოდ, დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამრთლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერი ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით უნდა შეჩერდეს. ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა.

 

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  5. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  7. საფარი
  8. ცენტრი ემპათია
  9. საზოგადოება და ბანკები
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  11. ლიბერალური აკადემია
  12. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  13. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის – WEG
  14. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  15. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  16. მწვანე ალტერნატივა
  17. მედიის განვითარების ფონდი (MDF)