სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება

11 მარ, 2022

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, ეხმაურება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ე.წ. ჰააგის სასამართლოს (ICC) პროკურორის სასამართლოსადმი მიმართვას, რომლის მიხედვითაც, პროკურორმა მოითხოვა დაკავების განჩინებები სამი პირისთვის: მიხეილ მინძაევი – დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ.შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰამლეტ გუჩმაზოვი –  დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელი; დავით სანაკოევი – დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. ომბუდსმენი. ასევე, გამოძიების ამ ეტაპზე, გამოიკვეთა მეოთხე ბრალდებულიც, რუსეთის ფედერაციის გენერალ-მაიორი,  ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელიც გარდაცვლილია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2010 წელს, ფონდის მხარდაჭერით, მომზადდა დეტალური ანგარიში აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელშიც თავმოყრილი და დოკუმენტირებულია შესაბამისი მტკიცებულებები და მსხვერპლთა ზეპირი ისტორიები.

ამის შემდეგ, ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიცია, რომელიც 6 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებდა. სწორედ პარტნიორი ორგანიზაციების ძალისხმევით, სასამართლოს და პროკურორის ოფისს მიეწოდა ათასობით მსხვერპლის განაცხადი. ამასთანავე, კოალიციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ადვოკატირების ღონისძიებაში როგორც თბილისში, ასევე  – ჰააგაში. გვსურს, ფონდის სახელით მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ომის დანაშაულებში ბრალდებული პირების გამოკვეთა.

გარდა ამისა, 2017 წლიდან, ფონდი მხარს უჭერდა ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობას“ (Justice International), რომელსაც სპეციალური წარმომადგენლობა ჰქონდა ქ.ჰააგაში და მისი ხელმძღვანელი, ნიკა ჯეირანაშვილი, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ადვოკატირების ღონისძიებაში ქართველ პარტნიორებთან ერთად. სწორედ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროკურორის ოფისისა და სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურებისთვის სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

საბოლოოდ, იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიების ახალ ეტაპზე გადასვლა და ბრალდებულების გამოკვეთა, მცირედი შვება იქნება ომის მსხვერპლებისთვის და სასამართლო მოახერხებს, პასუხისგებაში მისცეს ომის დანაშაულებში ბრალდებული პირები, რაც აგვისტოს ომის საქმეზე სამართლიანობის დამკვიდრებისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.