სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საიამ და სოლნეტმა გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმე წარმატებით დაასრულა

22 თებ, 2022

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 11 დეკემბერს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოში” განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ – “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს”. ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ნაცვლად იმისა, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში” უკონკურსოდ გადაეყვანა, საჭიროების მიუხედავად, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ პროცესებს წინ უძღოდა სოციალურ მუშაკთა მიერ ორგანიზებული გაფიცვაც და, სოციალურ მუშაკთა გაერთიანების სახით, ახალი პროფკავშირის დაარსებაც. სოციალურ მუშაკებს სამართლებრივ დახმარებას სამი ორგანიზაცია უწევდა: 8 სოციალური მუშაკის უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა, 7-ის სოლიდარობის ქსელი, 8-ის კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

2022 წლის თებერვლის მდგომარეობით 23 დავაში 18 მოსარჩელის შემთხვევაში საქმის წარმოება უკვე დასრულდა. მთელ რიგ საქმეებში სასამართლოებმა მოსარჩელეთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს – ბათილად ცნეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და სსიპ
“სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” როგორც სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა, ისე მათთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალეს.

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში 5 შრომითი დავა მოიგო. აქედან ოთხ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სოციალური მუშაკების გათავისუფლების უკანონობის თაობაზე და სააგენტოს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა. ერთ საქმეზე კი სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო საჩივარი უკან გაითხოვა და შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა შრომითი უფლებების დარღვევა და დამსაქმებელს დასაქმებულის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. ჩვენი ორგანიზაციის წარმოებაში არსებული კიდევ სამი დავა კი მორიგებით დასრულდა და ამ შემთხვევაშიც, სამივე თანამშრომელი თანამდებობას დაუბრუნდა და განაცდურიც აუნაზღაურდა.
  • სოლიდარობის ქსელმა თბილისის მასშტაბით სასამართლოში წარმოადგინა აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძვლით უკანონოდ გათავისუფლებული 6 სოციალური მუშაკისა და 1 უფროსი სოციალური მუშაკის ინტერესები. ამ საქმეებიდან ერთმა სოციალურმა მუშაკმა, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვამდე, თავისი სურვილით გაიხმო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ვინაიდან დასაქმდა ახლად შექმნილ სააგენტოში. დანარჩენი ექვსი საქმიდან ყველა დასრულდა წარმატებით. აქედან ერთ საქმეზე მხარეები სააპელაციო სასამართლოში მორიგდნენ, ხოლო ორ საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლომ განჩინებით უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობასთან, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. დანარჩენ სამ საქმეზე კი მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებანი. დასახელებული საქმეებიდან მხოლოდ ერთ პირს, უფროსს სოციალურ მუშაკს, ეთქვა სამსახურში აღდგენაზე უარი. „სოლიდარობის ქსელი“ განაგრძობს აღნიშნული დასაქმებულის ინტერესების დაცვას, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყვეტს განაგრძობს თუ არა დავას სასამართლოში.
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თელავისა და ქუთაისის სასამართლოებში წარმატებით დაასრულა 3 სოციალური მუშაკის საქმე. სასამართლოებმა სრულად დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნები, ბათილად ცნეს გათავისუფლების ბრძანებები და მოპასუხეს დაავალეს, სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. საია განაგრძობს კიდევ 5 სოციალური მუშაკის საქმეზე მუშაობას, რომელთა სარჩელები ამ დროისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოებში განიხილება.

2019 წელს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმეზე სასამართლო დავის წარმატებით დასრულება სოციალური დაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად კვალიფიციური სოციალური მუშაკები დაუბრუნდნენ სამსახურებს. ამასთანავე, სოციალური მუშაკების წარმატებული საქმე ხაზს უსვამს შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი ბრძოლის აუცილებლობას. სოციალურმა მუშაკებმა სასამართლოს გზით დაამტკიცეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, რაც ამ სფეროში არსებული დეფიციტის ფონზე ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებული ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო და ნათლად წარმოაჩენდა სახელმწიფოს სოციალურ უპასუხისმგებლობას.

წარმატებით დასრულებული სასამართლო დავების შემდეგაც, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა და მისი პარტნირი ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მუშაკების შრომითი უფლებების შესახებ ადვოკატირება და მათი უფლებებისთვის ბრძოლა.