სოციალური უსაფრთხოება და შრომის პირობები- რას შეცვლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი"

22 ივნ, 2022

ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ფარგლებში დისკუსია ჩატარდა თემაზე “სოციალური უსაფრთხოება და შრომის პირობები- რას შეცვლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”

ევროკავშირთან დაახლოების გზა რეფორმებზე გადის. ეს რეფორმები საქართველოს სჭირდება  არა, უბრალოდ, ევროკავშირის წევრობისთვის, არამედ უფრო სოლიდარული და სოციალურად მყარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად.

ევროკავშირის სტატუსის მოპოვება, რასაც დღეს ხელისუფლება მხოლოდ სიმბოლურ ფორმალობად წარმოაჩენს, სინამდვილეში, ყოველი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პირობაა. ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად სვლა მოიტანს სიკეთეს, რომელსაც უპირველესად იგრძნობენ რიგითი ადამიანები, რომლებიც დღეს თვითგადარჩენისთვის იბრძვიან.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ გიგი გიგიაძე- ევროკავშირის ექსპერტი, რობერტ მარგიშვილი- თბილისის მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირის “ერთობა 2013” წარმომადგენელი, ანა დიაკონიძე- სოციალური უსაფრთხოების სისტემების მკვლევარი. დისკუსიას უძღვებოდა ჟურნალისტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის დამფუძნებელი ნინო ზაუტაშვილი.

დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს ის, რომ ამუშავებენ ბევრს და არ უხდიან შესაბამის ანაზღაურებას. ამის გამოსწორება პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის წევრობასთან და მის სივრცეში ყოფნასთან. თუ ჩვენ ევროპული სოციალურ მოდელს ავირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს ცხოვრებაში უდგება სოციალური რისკები- სამსახური კარგავს, ავად ხდება და ვერ მუშაობს, ან პენსიაზე გადის, ის ექცევა სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. ევროპული მიდგომა ამბობს, რომ ეს არის სოციალური სისტემის პრობლემა და არა ინდივიდის.“ – ანა დიაკონიძე, სოციალური უსაფრთხოების სისტემების მკვლევარი

ამ ქვეყანაში მშრომელი ადამიანისთვის უფლება არ არსებობს, დარჩენილია მხოლოდ მოვალეობა. უფლებები ჩვენ თითონ უნდა ვეძიოთ. ევროპასთან ყოფნა არის ერთადერთი გზა, რომ დავიბრუნოთ ჩვენი უფლებები. მე, შავი მუშა ვხვდები ამას, რომ უფლებებით იწყება ყველაფერი. მერეა მოვალეობებიც. მთავარია კანონის უზენაესობა. ჩვენნაირი მუშა და მშრომელი, დაჩაგრული ხალხი მაგას ვთხოვთ ევროპას, რომ ეს ინსტიტუტი აგვიშენოს, სასამართლო აგვიშენოს. შრომის პოლიტიკა განსაზვრავს ჩვენს ბედნიერებას, ჩვენს კეთილდღეობას და ჩვენ ხმას არ ვიღებთ. კიდე ეჭვის თვალით ვუყურებთ ევროპას, რაც ერთადერთი გზაა ამის გამოსასწორებლად.“ – რობერტ მარგიშვილი, მეტროს მემანქანე, თბილისის მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“