უფასო იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური პაციენტებისთვის დაიწყო

9 ივლ, 2018

1 ივლისიდან დაიწყო ღია საზოგადოების ფონდის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტები  უფასო იურიდიულ  მომსახურებას მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აჭარიდან, თბილისიდან, კახეთიდან, გორიდან და სენაკიდან ცხრა მაღალკვალიფიციური ადვოკატი შეირჩა. ივნისის ბოლოს ბათუმში მათ სამ დღიანი ტრენინგი გაიარეს, სადაც გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები; შეზღუდული შესაძლებლობები, კანონმდებლობა და კონვენცია; პალიატიური მზრუნველობის არსი, ტკივილის გაყუჩება,როგორც ადამიანის უფლება და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

ადვოკატები უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ და დაიცავენ დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში, ასევე სხვა ინსტაციებზე, ყველა იმ საქმეზე, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობის უფლების დარღვევით და ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოწვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლების დარღვევით.

იურიდიული დახმარების ფარგლები მოიცავს:

  • იურიდიული კონსულტაცია – ვერბალური/წერილობითი;
  •  სარჩელის/შესაგებლის შედგენა და წარდგენა;
  •  სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
  •  საჭირო დოკუმენტების და ცნობების მოძიებაში დახმარება;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულება და საქმის გაცნობა

დაინტერესებული პირებისთვის ადვოკატთა ასოციაციაში ცხელი ხაზი მოქმედებს  599-19-33-44.

პროექტის დაწყების შესახებ მემორანდუმს ხელი 22 მაისს მოეწერა.