უსახლკარობის და სათანადო საცხოვრისის სახელმწიფო პოლიტიკა

7 მაი, 2019

7 მაისს, ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით გამართულმა კონფერენციამ გახსნა დისკუსია სახელმწიფოსგან წლების მანძილზე არასათანადოდ უზრუნველყოფილ საკითხზე- უსახკლარობაზე. 

ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა აქტორების ერთ სივრცეში შეხვედრამ შექმნა შესაძლებლობა, რომ შეფასდეს არსებული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა,  უსახლკარობა უფლებრივ  (მოწყვლადობის) ჭრილში იქნას დანახული და წარმოჩნდეს ის ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას დღეს უსახლკარობის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში.

2018 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა. 2019-2020 წლებში უსახლკარობის სტრატეგიის  და სამოქმედო გეგმის შემუშავება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა. კონფერენციის ერთერთი მომხსენებელი სამინისტროს წარმომადგენელი თეა გვარამაძე იყო. კონფერენციაზე წარმოდგენილი  კვლევები და ნაშრომები და  უსახლკარობის საერთაშორისო სტანდარტების საწყის ეტაპზე გაცნობა, მხარს დაუჭერს ამ პროცესს, რათა სამინისტრომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ადგილობრივ საჭიროებებზე დაფუძნებული საბინაო პოლიტიკის გეგმა შემოგვთავაზოს.

„მნიშვნელოვანია, რომ უსახლკარობის და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დარჩეს, რათა არ გამოეცალოს სოციალური შინაარსი და წმინდად ურბანულ საკითხად არ გადაიქცეს“- აღნიშნა ანანო ცინცაბაძემ, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, რომელიც დღენვალდელი კონფერენციის ერთერთი მოდერატორი იყო.

საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო.

კონფერენცია  გახსნა ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. მომხსენებლები იყვნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ანა ფირცხალაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თეა გვარამაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმომადგენელი კოტე ერისთავი,   ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი, ჯონდო არაბიძე, ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და  განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ლომინაძ და ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი  სოფიო მიქელაძე,   „ურბან რეაქტორის“ წარმომადგენელი და მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი.

კვლევები ამ თემაზე:

ფოტოალბომი ფონდის ფეისბუქის გვერდზე.