ევროპა, გთხოვ, გაიღვიძე – ჯორჯ სოროსის წერილი

14 თებ, 2019

წყარო: ნეტგაზეთი.  ითარგმნა და გამოქვეყნდა  The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

ავტორი: ჯორჯ სოროსი

ევროპა მთვარეულივით მოძრაობს სიბნელისკენ. ევროპის ხალხს სჭირდება გამოღვიძება, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაშ,ი ევროპის კავშირი 1991 წლის საბჭოთა კავშირის გზას დაადგება. არც ჩვენს ლიდერებს, არც უბრალო მოქალაქეებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ ჩვენ ვდგავართ რევოლუციური მომენტის წინაშე, როცა მოვლენათა განვითარების შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა, საბოლოო შედეგი კი – მეტწილად ბუნდოვანი.

უმრავლესობა ჩვენგანი ვარაუდობს, რომ მომავალი მეტ-ნაკლებად აწმყოს მსგავსი იქნება, მაგრამ ეს შეიძლება, გარანტირებული არ იყოს. ჩემი ხანგრძლივი და მოვლენებით აღსავსე ცხოვრებაში მოწმე ვყოფილვარ არაერთი პერიოდის, რომელსაც წონასწორობის რადიკალურ დაკარგვას ვეძახი. ასეთ პერიოდში ვცხოვრობთ ახლაც.

შემდეგი გარდამტეხი მომენტი იქნება ევროპარლამეტნის არჩევნები 2019 წლის მაისში. სამწუხაროდ, ანტიევროპული ძალებს კონკურენტული უპირატესობა ექნებათ კენჭისყრაში. ამის რამდენიმე მიზეზია: მოძველებული პარტიული სისტემები წევრი სახელმწიფოების უმრავლესობაში; ევროკავშირის შეთანხმების შეცვლის პრაქტიკულად შეუძლებლობა; ლეგალური ინსტრუმენტების ნაკლებობა იმ წევრი სახელმწიფოების დისციპლინირებისთვის, რომლებიც დამფუძნებელ პრინციპებს არღვევენ. ევროკავშირს შეუძლია, მოსთხოვოს კანდიდატ ქვეყნებს acquis communautaire-ის (ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების კრებული, რომელთან ჰარმონიზაცია სავალდებულოა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის) პრინციპების დაცვა, თუმცა ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, უკვე წევრ სახელმწიფოებს, ზედამხედველობა გაუწიონ ამ კომპონენტში.

მოძველებული პარტიული სისტემა ხელს უშლის მათ, ვისაც სურს იმ ფასეულობების შენარჩუნება, რაზეც ევროპა არის დაფუძნებული, მაგრამ ხელს უწყობს, ვისაც ამ ფასეულობების ჩანაცვლება უნდა რაღაც რადიკალურად განსხვავებულით. ეს ასეა ცალკეულ ქვეყნებში და მით უფრო, ტრანს-ევროპულ ალიანსებში. ცალკეული სახელმწიფოების პარტიული სისტემა ანარეკლია იმ განსხვავებებსა, რომელსაც  მნიშვნელობა ჰქონდა მე-19 და მე-20 საუკუნეებში, როგორიცაა კონფლიქტი კაპიტალსა და შრომას შორის. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა პრო და ანტიევროპულ ძალებს შორის.

ევროკავშირის დომინანტ სახელმწიფოს წარმოადგენს გერმანია და მთავარ პოლიტიკურ ალიანსს გერმანიაში – “ქრისტიან-დემოკრატული კავშირისა” (CDU) და ბავარიის “ქრისტიან-სოციალური კავშირის” (CSU) არამდგრადი ერთობა. ეს ალიანსი კარგად მუშაობდა ექსტრემისტული პარტიის “ალტერნატივა გერმანიისათვის” (AFD) აღორძინებამდე. სექტემბერში გამართულ ლანდტაგების არჩევნებში “ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა” ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, AFD კი პირველად შევიდა ბავარიის პარლამენტში. AFD-ის პოპულარობის ზრდამ აზრი დაუკარგა მმართველი კოალიციის ერთობას, თუმცა ალიანსის დაშლა ახალი არჩევნების მაპროვოცირებელი გახდება. საბოლოოდ, მმართველ კოალიციას არ შეუძლია, ისევე იყოს აქტიურად პროევროპული, როგორიც იქნებოდა მაშინ, AFD-ისგან საფრთხე რომ არ ემუქრებოდეს.

სიტუაცია უიმედო არ არის. გერმანის მწვანეთა პარტია ერთადერთ მკვეთრად პროევროპულ პარტიად იქცა, რომლის რეიტინგი სულ უფრო იზრდება, მაშინ როცა AFD-მა, როგორც ჩანს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია.

გაერთიანებულ სამეფოშიც მოძველებული პარტიული სისტემა ხელს უშლის მოსახლეობის ნების აღსრულებას.  “ლეიბორისტებსა” და “კონსერვატორებს” შორის შიდა განხეთქილებაა, მაგრამ მათი ლიდერები – ტერეზა მეი და ჯერემი კორბინი ისე ისწრაფვიან ბრექსიტის მისაღწევად, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობასაც დათანხმდნენ. ბრიტანელების უმრავლესობას უბრალოდ უნდა, რომ ეს გაურკვევლობა რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. საზოგადოებამ ნელ-ნელა დაიწყო ბრექსიტის სამწუხარო შედეგების გაცნობიერება.

იტალიასთან დაკავშირებით ევროკავშირმა ფატალური შეცდომა დაუშვა დუბლინის შეთანხმების შესრულების ხისტი მოთხოვნის თვალსაზრისით. ეს შეთანხმება უსამართლო მდგომარეობაში აყენებს ევროკავშირის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მიგრანტებისთვის პირველია გზაზე. ამიტომ 2018 წლისთვის იტალიის ელექტორატი, რომელიც მანამდე ევროპისა და იმიგრაციის მხარდამჭერი იყო, ანტიევროპული პოლიტიკოსების ხელში აღმოჩნდა.

პარტიული სიტსტემების რეორგანიზაციას აქვს ადგილი საფრანგეთში, პოლონეთში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში.

გაცილებით უარესი მდგომარეობაა, როცა საქმე ეხება საერთო-ევროპულ ალიანსებს. ეროვნული პარტიებს სულ მცირე თავისი ფესვები აქვთ წარსულში, მაგრამ ტრანსევროპული ალიანსები პარტიათა ლიდერების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. “ევროპის სახალხო პარტია” (EPP) ამ მხირვ ყველაზე ცუდი მაგალითია. ის თითქმის მთლიანად დაცლილია პრინციპებისგან, რაზეც მეტყველებს EPP-ის მზაობა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდესი” მუდმივ წევრად დატოვოს საკუთარ რიგებში, რათა უმრავლესობა შეინარჩუნოს. ამ ფონზე ანტიევროპული ძალები შეიძლება არცთუ ისე ცუდად გამოიყურებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ რაღაც პრინციპები მაინც აქვთ, თუმცა ოდიოზურნი არიან.

ძნელია წინასწარმეტყევლება, როგორ მოახერხებენ პროევროპული ძალები გამარჯვების მოპოვებას მაისში, თუ ისინი ევროპის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ დააყენებენ. ჯერ კიდევ შეიძლება ევროპის შენარჩუნების აუცილებლობის დასაბუთება, მისი რადიკალური განახლების გზით. მაგრამ ეს მოითხოვს ცვლილებებს  ევროპის შიგნით. არსებული ხელმძღვანელობა ჰგავს პოლიტბიუროს, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ისინი კი აგრძელებდნენ ბრძანებების გამოცემას, თითქოს ეს კიდევ რელევანტური ყოფილიყო.

პირველი ნაბიჯი ევროპის დასაცავად როგორც შიდა, ისე გარე მტრებისგან, არის არსებული საფრთხის  მასშტაბების  აღიარება; მეორე – პროევროპული უმრავლესობის გამოფხიზლება და მობილიზება იმ პრინციპების დასაცავად, რომელსაც ევროპა ეფუძნება. სხვა შემთხვევაში, ოცნება გაერთიანებულ ევროპაზე შეიძლება 21-ე საუკუნის კოშმარად იქცეს.

***

სტატიის ორიგინალი ვერსია ნახეთ აქ.