რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობის შესახებ

22 იან, 2021

ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი სოფო ასათიანის ანალიტიკური ბლოგი

წყარო: ფორმულა

დღეს, 12-წლიანი დავის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და ამით ნაწილობრივ მაინც აღადგინა ის ისტორიული და მორალური სამართლიანობა, რომელსაც რუსეთი 2008 წლის შემდგომ უკვე აქტიური საინფორმაციო ომის მეშვეობით ებრძვის. მთავარი მიზანი მიღწეულია – სასამართლომ აღიარა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევა.

გადაწყვეტილება მისი მოცულობისა თუ კომპლექსურობის მიუხედავად, შეგვიძლია პირობითად ორ ნაწილად დავყოთ. ერთი ეხება საქმის დასაშვებობას, სასამართლოს იურისდიქციას, ხოლო მეორე, კონკრეტული უფლებების (სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების უფლება, გადაადგილების უფლება, ქონებრივი უფლებები, პირადი ცხოვრების უფლება) დარღვევის შინაარსს.

რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი და პასუხისმგებლობა 

სასამართლომ პირველ ნაწილში, უპასუხა ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს როგორიც არის: შეგვიძლია, თუ არა დავადგინოთ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე? შეერაცხება, თუ არა რუსეთს, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და დევნა? თითოეული შეკითხვა განსაზღვრავს არა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება, არამედ, პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მრავალწლიან მცდელობას, გააყალბოს ისტორია და დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ კონფლიქტის მხარეები აფხაზები, ოსები და ქართველები ვართ.

დეზინფორმაციის და ფაქტების გაყალბების ანალოგიურ მეთოდს იყენებს რუსეთი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოშიც, სადაც ცდილობს ყველაზე მძიმე დანაშაულებიც კი (ეთნიკური წმენდა, ომის დანაშაულები), სეპარატისტებს, როგორც დამოუკიდებელ აქტორებს,  მიაწეროს და ამ გზით დაიძვრინოს თავი პასუხისმგებლობისგან.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის, იგივე  პირდაპირი პასუხისმგებლობის დადგენა, უპრეცედენტო სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტია. აქვე, სასამართლომ განაცხადა, რომ 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ არსებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში  მიანიშნებს “განგრძობად” ეფექტურ კონტროლსა და ოკუპაციაზე. სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება გვიხსნის გზას, დაკმაყოფილდეს ასობით საქართველოს მოქალაქის ინდივიდუალურ სარჩელი, რუსეთის წინააღმდეგ.

8-12 აგვისტო – აქტიური საომარი მოქმედებები და სასამართლოს შეფასება

სამწუხაროდ, სასამართლო ნაკლებად გამბედავი აღმოჩნდა თავად აგვისტოს 5-დღიანი ომის შეფასებაში. დიდი პალატის 11-მა მოსამართლემ, მიიჩნია, რომ აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში მიმდინარეობდა აქტიური შეიარაღებული კონფლიქტი, ქაოსური მდგომარეობა, რაც ხელს უშლის სასამართლოს განსაზღვროს, ვის ხელში იყო მართვის სადავეები და ვის ჰქონდა ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანია აქვე აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ აფასებს ომის დაწყების სამართლიანობას, ან საომარი მოქმედებების პროპორციულობას. თუმცა, წარსულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, არსებობდა მოლოდინი, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში მიმდინარე მოვლენებს სასამართლო  შეაფასებდა,  როგორც სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების შედეგად დამყარებული ეფექტური კონტროლის გაგრძელებად.

სასამართლომ, დაადგინა რა, რომ 8-12 აგვისტოს განმავლობაში, კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლი ერთი საჯარისო ფორმირებიდან მეორეზე ინაცვლებდა, დავაში საკუთარი მანდატი ვერ დაინახა. ის იქიდან გამომდინარეობს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქტიურ საომარ მდგომარეობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არეგულირებს და დავებს ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო განიხილავს, ან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იკვლევს.

ცხადია, საქართველოს მხრიდან სტრასბურგის სასამართლოსთვის 8-12 აგვისტოს შეფასების მცდელობა უპრეცედენტო სასარჩელო მოთხოვნა იყო, ვინაიდან, აქამდე სასამართლოს არასოდეს უმსჯელია აქტიური კონფლიქტის ფაზის თაობაზე. შესაბამისად, კონვენციის და მანდატის უფრო ფართო ინტერპრეტაციისა და ფაქტების მეტი გამოკვლევის შედეგად, შესაძლებელი იქნებოდა სხვა შედეგის დადგომაც, თუმცა, ეს მსჯელობა, არ აკნინებს ან ამცრობს გადაწყვეტილების საერთო სულისკვეთებასა და მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს.

უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო როგორც წესი, განიხილავს მხოლოდ ისეთ საქმეებს, რომლებზეც უკვე იმსჯელეს ეროვნულმა სასამართლოებმა (შიდა მექანიზმის ამოწურვის პრინციპი). თუმცა, საგამონაკლისო წესით, დასაშვებად მიიჩნევს ისეთ საქმეებს, სადაც უფლებების დარღვევის მასშტაბების, მიზანმიმართული პოლიტიკის ნიშნები იკვეთება.

რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას, არაადამიანურ მოპყრობას, პირადი ცხოვრების უფლებისა და საკუთრების უფლების ხელყოფას ადმინისტრაციული პრაქტიკის სახე ჰქონდა. ნიშანდობლივია, რომ ამ დასკვნის გასაკეთებლად სასამართლო რუსეთ-საქართველოს პირველ საქმეს, დეპორტაციის თაობაზე, ხშირად ციტირებს, ვინაიდან, სწორედ პირველ საქმეში განსაზღვრა ადმინისტრაციული პრაქტიკის სტანდარტები.

ფართომასშტაბიანი, სისტემური დარღვევების დადგენას უდიდესი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედებებზეც, ვინაიდან, ჰააგის სასამართლო სწორედ ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის არსებობაზე მსჯელობს.

ამასთან, ცალკე უნდა გამოვყოთ, სასამართლოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, რომ 8-17 აგვისტოს განმავლობაში ომის ტყვეები და 160 სამოქალაქო პირი რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა და მათი მკვლელობა და არაადამიანური მოპყრობა, ასევე რუსეთს შეერაცხება.

ამ ფონზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველომ სამართლიანობის ძიების გრძელ გზაზე ერთ მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ის, თუ როგორ გამოიყენებს ამ წარმატებას საქართველოს ხელისუფლება, რამდენად აქტიურად მოითხოვს დეოკუპაციას, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას, სანქცირების მექანიზმის ამუშავებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუ სამართლის ძიებას, სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, დიდწილად განსაზღვრავს, ამ ბრძოლის მოგებით ვიგებთ, თუ არა ომს.