სამართალი ითხოვს

27 აპრ, 2016

“სამართალი ითხოვს” სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისის, არაჯანსაღი პროცესებისა და ხარვეზიანი კანონმდებლობის საპასუხოდ დაწყებული სამოქალაქო საზოგადოების კამპანიაა, რომელიც 2016 წლის აპრილში დაიწყო.

სასამართლოში მიმდინარე პროცესი საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს იდეას საქართველოში და მართლმსაჯულების მაძიებელი პირის კონსტიტუციურ უფლებას, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღ გავლენასა და კონკრეტული ჯგუფების მიერ მათზე კონტროლის გამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა, შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ განხორციელება. სწორედ რეალური რეფორმების და სასამართლო ხელისუფლების გარე და შიდა გავლენებისგან გათავისუფლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიერ წარმოებული კამპანია „სამართალი ითხოვს“.

მიზანია სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობის თავიდან აცილება და სასამართლოს პოლიტიკურ-კლანური მმართველობისგან გათავისუფლება. კოალიცია კამპანიის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურდება, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს ის საკითხები, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს არსებობისთვის.

კამპანიას ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.