საქართველომ EU-ს დაასწრო უარი დახმარებაზე, რომელსაც მაინც ვერ მიიღებდა — ვანო ჩხიკვაძე

1 სექ, 2021

ნეტგაზეთი

2020 წლის აპრილში, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარება ითხოვა. მაკროფინანსური დახმარება კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია და ხელმისაწვდომია ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, თუმცა დახმარების მიღება დამოკიდებულია პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. 2020 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო მაკროფინანსური დახმარება 150 მილიონი ევროს ოდენობის, შეღავათიანი, დაახლოებით 2%-იანი სესხი 15 -წლიანი ვადით. თანხა ორ თანაბარ ტრანშად გადანაწილდა — პირველი 75-მილიონიანი ტრანშის მიღება დამოკიდებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) შეთანხმებული ვალდებულებების დაკმაყოფილებაზე და ეს თანხა საქართველომ გასული წლის ბოლოს მიიღო, მეორე 75 მილიონის ჩარიცხვა კი დამოკიდებული იქნებოდა ევროკომისიის დადებით შეფასებაზე საქართველოს მიერ ნაკისრი 7 წინაპირობის შესახებ, რომელთაგან მთავარი შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.

II ტრანშის 7 წინაპირობა

მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის ჩარიცხვის ბოლო ვადის მოახლოებასთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 აპრილის შეთანხმებიდან გასულ “ქართულ ოცნებას” რეფორმებისა და შეთანხმებებისადმი ერთგულების ვალდებულება შეახსენა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სულ რაღაც ერთი კვირის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველო ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას მიიღებდა როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, დღეს, 31 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, 2021 წელს ევროკავშირისგან  არ მიიღოს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში, რადგან ეს არის სესხი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე კი საქართველოს გადაწყვეტილი აქვს საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება. ღარიბაშვილის 31 აგვისტოს განცხადებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რა შეიცვალა ბოლო ერთ კვირაში, რეალურად რომელი მხარე ამბობს უარს მაკროფინანსური დახმარების მიღება/გამოყოფაზე და რატომ აქვს ამ საკითხს, ფინანსურის გარდა, პოლიტიკური დატვირთვა.

— ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარება არის სესხი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთიაა, შეიძლება ითქვას, გრანტის სახე აქვს. ეს თანხა მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთგვარი საჩუქარია, თუმცა მას ახლავს გარკვეული წინაპირობების შესრულება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში 7 ძირითადი პირობა გვქონდა შესასრულებელი. აქედან უმთავრესი იყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რაც ყველა შეფასებით (როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის), საქართველომ არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირში მწიფდებოდა 75-მილიონიანი ტრანშის შეჩერების გადაწყვეტილება, რაც დღე-დღეზე უნდა გამოცხადებულიყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია და ეს ცუდად იმოქმედებდა მმართველ ძალაზე, მე ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებდა ევროკავშირის დახმარების მიღებას.

— ანუ დაასწრო ევროკავშირს, რადგან მაინც ვერ მიიღებდა ამ მაკროფინანსურ დახმარებას? 

— დიახ, ეს იყო სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა მხარემ გადადგა. ცხადია, ვიღაცამ შეიძლება, სესხის აღებაზე უარის თქმა აღიქვას როგორც წინსვლის ნიშანი, მაგრამ რეალურად თუ შევაფასებთ, მიუხედავად რიცხვებისა, რაც გვესმის ეკონომიკური ზრდის შესახებ, საქართველოს ძალიან სჭირდება ეს დახმარება, რომელიც არის სესხის სახით, მაგრამ იმდენად დაბალპროცენტიანია, რომ საჩუქარია. ბოლო ათწლეულების მანძილზე არასდროს მომხდარა ფაქტი, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარება შეეჩერებინოს.

— რა შემთხვევაში იღებს ევროკავშირი მაკროფინანსური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებას?მოლდოვაში იყო ასეთი პრეცედენტი 2018 წელს…

— შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, როგორც წესი, უკიდურეს შემთხვევებში მიიღება და ეს უკავშირდება დახმარების მიმღებ ქვეყანაში დემოკრატიის — ადამიანის უფლებების დაცვის, ელიტური კორუფციის ან მართლმსაჯულების კუთხით — სიტუაციის მკვეთრად გაუარესებას. მოლდოვის შემთხვევაში ეს უკავშირდებოდა ვლადიმირ პლახოტნიუკის ჩრდილოვან მმართველობას და უკუსვლას დემოკრატიული რეფორმებში, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში დახმარება აღდგა. მაკროფინანსური დახმარების შეჩერებაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, ინდივიდუალურია თითოეული ქვეყნის შემთხვევაში. ჩვენთანაც გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც ჩადებული იყო 7 პირობა და, როგორც აღვნიშნე, მათგან ძირითადი მართლმსაჯულების რეფორმას შეეხებოდა.

— ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა თავიანთ განცხადებებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღება გარკვეულწილად მიაბეს შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას… შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, “ოცნება” აცხადებდა, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმებს მაინც გაატარებდა. მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ აღარ აპირებს სასამართლო რეფორმის გატარებას? 

— ცხადია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და, მგონ,ი საკითხი დაიხურა მოსამართლეთა დანიშვნით, რისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდებდა ევროკავშირი. პასუხი ცალსახაა, “ქართული ოცნება” არათუ არ აპირებს, უკვე წარსულ დროში არ შეასრულა სასამართლო რეფორმის ვალდებულება. მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, —  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი იმ პროცედურებით, რაც არსებობდა მაშინ, — ჩადებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2020 წლის სექტემბერში გაფორმებულ მემორანდუმშივე და, ვფიქრობ, უბრალოდ ავტომატურად მიება მიშელის შეთანხმებას, რომელიც იმეორებს სასამართლო რეფორმის საკითხს. მაგრამ ამ პირობების შესრულება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის წინაპირობა იყო მიშელის დოკუმენტამდეც.

— მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის შეჩერება ერთჯერადი აქტია თუ ნიშნავს ამ დახმარების საერთოდ შეწყვეტას საქართველოსთვის? შემდეგი შეთანხმებების და სხვა ინსტრუმენტების ფარგლებში დამარების მიღებას რამდენად შეუშლის ეს გადაწყევტილება ხელს?

— ევროკავშირისგან ჰუმანიტარულ დახმარებას აღარ ვიღებთ, მაკროფინანსური დახმარება პრინციპში არის ძირითადი, რასაც ვიღებდით ევროკავშირისგან. მაკროფინანსური დახმარებაზე შემდგომი შეთანხმებები, ალბათ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი იქნება. საქართველოს თუ სურს განახორციელოს რეფორმები, აუცილებლად სჭირდება ევროკავშირის დახმარება. ჩვენზე ძლიერი ქვეყნები იღებენ ამ დახმარებას და არ მგონია, საქართველო ეკონომიკურად ისეთი ძლიერი იყოს, ამ დახმარებაზე უარის თქმა შეეძლოს. საჩუქარზე ვამბობთ უარს, ფაქტობრივად. ევროკავშირში უბრალოდ იტყვიან, რომ დასანანია ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს თავის დროზე სჭირდებოდა ეს თანხა და არ მგონია, ერთ წელიწადში სიტუაცია რადიკალურად შეცვლილიყო. ევროკავშირის წუხილს გამოთქვამს, მაგრამ არ მგონია, რეაქციის თვალსაზრისით მეტად დაიხაჯოს. საქართველო არ არის ევროკავშირის ერთადერთი პარტნიორი, უამრავი სხვა პარტნიორი ჰყავს და სამწუხაროა, რომ საქართველო ამ პარტნიორების მოწინავე რიგებიდან უკან იხევს. ჩვენთვის არის ეს უფრო დიდი პრობლემა და ნაკლებად ევროკავშირისთვის. დანარჩენს რაც შეეხება, პოლიტიკურ განცხადებების და პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილში, მე ვფიქრობ, შესაძლებელია გარკვეული ნეგატიური სიგნალები გაჩნდეს.

— ბოლოდროინდელი ტენდენცია, ვგულისხმობ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთანხმებიდან გასვლას, ახლა მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმას, რაზე მიუთითებს და როგორ იმოქმედებ საქართველოს ამბიციაზე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით?

— პირელ რიგში, 2024 წლამდე უნდა მივიდეთ ყველანი და ვნახოთ, რეალურად რა ნაბიჯი გადაიდგმება.რეალობაში, როდესაც პრობლემები გვაქვს 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების რეფორმასთნ დაკავშირებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით და ევროკავშირისგან ჩნდება შეფასებები ელიტურ კორუფციაზე, — ეს სიტუაცია გვქონდეს ქვეყანაში და, მეორე მხირვ, გვქონდეს ამბიცია 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშრის წევრობაზე, ერთმანეთთან თანხვედრაში ნაკლებად მოდის. განაცხადის გაკეთებას ვერავინ დაგვიშლის, მაგრამ მთავარია, რამდენად სერიოზული ვიქნებით ამ განაცხადში.