სტუმრად საკუთარ ქვეყანაში...

1 ივლ, 2020

გრაფიკა: დავით კუხალაშვილი

ჩვენს ქვეყანაში მარტოხელა დედა სულ თავშესაფარს ეძებს. მეც ასე ვარ, თავშესაფრის მუდმივ ძიებაში…

ჩემი ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა ქმარს გავეყარე.  განქორწინება ჩემთვის ფსიქოლოგიური ტერორიდან თავის დახსნის საშუალებად ჩანდა… მანამდე მუდამ მესმოდა, რომ  უნდა ამეტანა ძალადობა, შევგუებოდი..  „ყველა ასეა, შენ რა გგონია, გათხოვება რა გეგონა, ეს არის ოჯახი, განვითარებულ ქვეყანაში კი არ ცხოვრობ…’’ თუმცა, მაშინვე ვხვდებოდი, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, ატანის გარეშე, მაგრამ ჯერ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი, სახლი, სადაც შეგიძლია  ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე განვითარდე და შექმნა შენი ჯანსაღი გარემო.

ქმრის სახლიდან წამოსვლის შემდეგ დავრჩი უსახლკაროდ, დროებითი სერვისის ამარა. იქიდან წამოსულთ გამუდმებული კონტროლი და ზარები. არ გვაძლევდა მოსვენებას; ჩემი ყოფილი ოჯახი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა გაეგო, სად ვიყავი, როგორ ვცხოვრობდი და რით გამქონდა თავი, რაც ფსიქოლოგიური ძალადობის ტოლფასია.

თუმცა გამიმართლა და, დროებით, მშობლებთან გადავედი საცხოვრებლად. ქუჩაში არ აღმოვჩნდი, მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა. მშობლების სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრება არ იყო ის, რაც  ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ჯანსაღ სივრცეს შექმნიდა, დამოუკიდებლობას მოგვცემდა და განვითარების იმედს ჩაგვისახავდა. ეს კი იმ ფონზე, როცა ჩვენს დასახმარებლად არც ბავშვის მამა ასრულებდა მის ვალდებულებებს, არც სახელმწიფო. სახელმწიფო სერვისებისა თუ ბავშვის მამის ფინანსური დახმარების უშედეგო ლოდინის შემდეგ იწყება ჩვენი დაუსრულებელი მოგზაურობა სახელად – „სტუმრად საკუთარ ქვეყანაში“.

არა ერთ ქალაქში მეგობრების, ახლობლების, კეთილი ადამიანების, ნაქირავები თუ ნათხოვარი სახლების გამოცვლის შემდეგ, მე და ჩემი შვილი დავსახლდით აჭარის მთებში, ბუნებასთან ახლოს.

მაგრამ აჭარაში ბინადრობაც დროებითია. არც აქ გვაქვს მუდმივი საცხოვრებელი ან ფინანსური სიმყარე. ჩემი მთავარი იმედი ახლა აქ, აჭარის მთებში მობინადრე უცხო ადამიანები არიან. არც მათთვისაა უცხო ჩემი თავგადასავალი. ისინიც  სხვადასხვა სოციალურ სერვისს მიღმა დარჩნენ და  თავს დაუცველად გრძნობენ. გაჭირვების ჭერქვეშ მყოფთ თანაგრძნობით გაგვაქვს ერთმანეთი.

ახლა ვიხსენებ და ვაკვირდები ჩემი მოგზაურობის ისტორიას და ვხვდები, რომ ჩემი მიტოვებით სახელმწიფო ეხმარება სხვა მოძალადე ოჯახის წევრებს, გააგრძელონ და ყოველდღიურობად აქციონ ძალადობა მათ მიმართ, ვინც ვერსად წავა. ბოლო დროს ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გახმაურებული უამრავი შემთხვევა მესმის და  თვალწინ წარმომიდგება ქორწინებაში თავშესაფრის გამო დარჩენილი ქალები, ან  ქორწინება  თავშესაფრის ხათრით – სამუდამო ძალადობის პერსპექტივით.

ჩემი ბრძოლა, ჩემი შვილის უკეთესი მომავლისთვის გრძელდება; ეს უიარაღო და მარტოსული ბრძოლაა. უიარაღო, რადგან მოვითხოვ, მაგრამ რას მივიღებ – არ ვიცი; მარტოსული, რადგან მხარში არ მიდგას სახელმწიფო. ტრავმული გარემოსა და მუდმივი ბრძოლის პირობებში ძალიან რთულდება მყარი ფსიქიკის შენარჩუნება. ჩემი მყარი ფსიქიკა კი ერთადერთ იმედად დარჩენია ჩემს შვილს და მის მომავალს. ბევრია მარტოხელა ადამიანისთვის? ძალიან ბევრია.  არადა, რაც უფრო ხანგრძლივია საკუთარ ქვეყანაში სტუმრად ყოფნის ვადა, მით მეტი დაბრკოლება ჩნდება ბრძოლის გზაზე.

 

ქეთი ჯანჯიბუხაშვილი

სხვა ავტორების ბლოგები ამ სერიიდან.

###

უსახლკარობა, მისი მრავალფეროვანი მიზეზებისა და ფორმების გათვალისწინებით, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვაგვარად ეხება. ის თითქმის გადაულახავი პრობლემაა სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ოჯახებისთვის. თუმცა ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობის, დასაქმების არასტაბილურობისა თუ ფინანსური ბაზრის მოულოდნელი რყევების გამო, ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ საშუალო შემოსავლის ოჯახებიც დგანან ან შეიძლება, დადგნენ. საცხოვრებლის პრობლემა აქვთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ეკომიგრანტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

 უსახლკარობის საკითხი გადააზრებას მოითხოვსის არ არის ინდივიდუალური პრობლემა. ჩვენ გვჯერა, რომ საცხოვრებლის საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკით; საქართველოს მთავრობას კი არ გააჩნია უსახლკარობასთან ბრძოლის საერთო ხედვა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა.