ვაკის პარკის კაცური გამარჯვება

8 თებ, 2019

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება! ინვესტორთან მოლაპარაკება შედგა. მოქალაქეების მიერ დაგეგმილ დიდ საპროტესტო მსვლელობამდე ორი დღით ადრე, 25 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას დიდი გამარჯვება მოგვილოცა ქალაქ თბილისის მერმა.

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გეგმა, 2013 წელს, ძველი ხელისუფლებიდან თბილისის მერიას შემორჩენილი გიგი უგულავას ერთერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო. გადაწყვეტილების მძიმე და გრძელვადიანი შედეგები, ხუთი წლის განმავლობაში მტკიცედ და მედგრად ზიდეს  სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და თბილისის მაცხოვრებლებმა. მუდმივი საპროტესტო აქციების, მედიის ყურადღების და პოლიტიკოსებთან გაუთავებელი შეხვედრების შედეგი, პარკში მშენებლობის ფიზიკური ძალით შეჩერება იყო, რის გასამყარებლად და საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა.  გაჩნდა იმედი, რომ სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტდა პარკში მშენებლობის საკითხს. თუმცა, შემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა აღარ დააკმაყოფილეს მოსარჩელეების მოთხოვნა, რითაც თითქმის დაანგრიეს ვაკის პარკის გადარჩენის მცირე იმედი. შეიქმნა განწყობა, რომ ქართული სასამართლო საერთოდ არ ცნობს საჯარო ინტერესს, როგორც ხელშესახებ და დასაცავ სამართლებრივ სიკეთეს.

ქალაქის მერმა,  საჯარო განცხადებებში,  სასამართლოს საკუთარი პოლიტიკური  გადაწყვეტილება დაუპირისპირა. მოქალაქეებმა მიიღეს პირობა, რომ პარკში მშენებლობა არ განხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, მერი და მისი მოადგილეები აქტიურად უარყოფდნენ მშენებლობაზე უარის თქმის ძირითად სამართლებრივ არგუმენტს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, ყველა სამშენებლო და საპროექტო დოკუმენტაციის ვადის ამოწურვის ფაქტს.  ამ უარყოფამ, სამოქალაქო საზოგადოებაში ბუნდოვანება გამოიწვია მერიის სტრატეგიასთან დაკავშირებით. სხვადასხვა პროფესიის გარემოს დამცველებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, მერთან საჯარო  შეხვედრა მოითხოვეს.

შეხვედრაზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მერის მოადგილეები რეალურზე უფრო მეტად გამოუვალი სამართლებრივი მდგომარეობის აღწერას ცდილობდნენ. მერმა ერთხანს ისმინა რთული და გრძელი სამართლებრივი დისკუსია, შემდგომ კი თავად ჩაება საუბარში. მან გადაჭრით დადო პირობა, რომ მოაგვარებდა ამ საკითხს, რამდენადაც, გარდა საზოგადოების ძლიერი სურვილისა, აღნიშნული მისი პირადი ღირსებისა და „კაცობის“ საკითხადაც მიაჩნდა…

პირობა შესრულებულია, მერიამ შეძლო ინვესტორის სრულიად ანტისაზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა. არ გვითხრეს კონკრეტულად რა ადგილის, თუმცა, ადგილმონაცვლეობაზე ინვესტორის თანხმობა მიღებულია!

მას შემდეგ ზეიმია.. თბილისის მერიის გვერდზე, სოციალურ ქსელში, თავმომწონე და ამაყი ტექსტების სიმრავლეა. მერია, აქტივიზმის მიღწევებსა და დიდი საზოგადოებრივი შედეგის ხაზგასმის უკან, არც თუ ისე მორცხვ თავმომწონეობას მალავს, რომ მოახერხა და გადაჭრა ეს გადაუჭრელი სამართლებრივი ლაბირინთი. ამიერიდან თბილისის მერია საზოგადოების მეგობრად აცხადებს თავს.

ვაკის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქცია, რომელსაც ინვესტორის ოფისიდან, მერიის შენობამდე განლაგებული ადამიანების ჯაჭვით მერია და კომპანია უნდა გაეფრთხილებინა, საზეიმო ღონისძიებად გადაკეთდა და ვაკის პარკში გადაინაცვლა.

ზეიმის ძლიერი სულისკვეთების მიღმა, გამუდმებით გვღრღნის ის მწვავე პრობლემები, რაც ვაკის პარკის შემთხვევამ დაგვიმტკიცა.

ვაკის პარკის საქმემ აჩვენა, რომ საჯარო ინტერესს, როგორც მნიშვნელოვან სამართლებრივ კონცეფციას, კონკრეტულად გამოკვეთა, დაცვა და უპირობო პატივისცემა სჭირდება მთავრობების და ბიზნესის მხრიდან;

ვაკის პარკის საქმემ აჩვენა ქართველი იურისტების და საჯარო მოხელეების ვიწრო და კონტექტს მოგლეჯილი ხედვები  იმაზე, თუ  რა მიზანს ემსახურება კანონის კონკრეტული დანაწესი; აჩვენა, რომ  ადმინისტრაციული ორგანოების ხარვეზების დასაბუთება “პრაქტიკაში ასეა” და “კანონი შესაცვლელია” არგუმენტებით, მათთვის ჩვეულებრივი ამბავია.

ვაკის პარკის საქმემ აჩვენა ქართული სასამართლოს კიდევ ერთი მარცხი. საჯარო ინტერესისათვის ეკონომიკური არგუმენტების მუდმივმა დაპირისპირებამ, სასამართლოს წრეც გაარღვია. მართლმსაჯულება სრულად იდეოლოგიზირებულია ხელისუფლების და ბიზნესის ინტერესების დაცვაზე და ვეღარ გრძნობს ვალდებულებებს მოქალაქეების მიმართ;

ვაკის პარკის საქმემ აჩვენა, რომ წინა ხელისუფლების მიერ  დაშვებული მშენებლობები პარკებში აბრაზებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ ვერ ვხედავთ ბრაზს იმ პროექტების გარშემო, რომელიც ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგია.. („პანორამა თბილისი“, დიღმის ტყე-პარკში საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, საყდრისის საფეთქება… სია გრძელია)..

საბოლოოდ, ვაკის პარკის საქმემ აჩვენა, რომ ხელისუფლებისათვის ჩვეული საქციელია, დახურულ კარს მიღმა მოელაპარაკოს ბიზნესმენებს, რადგან ეს უფრო მათი „კაცური“ საქმეა. ჩვენ ბავშვებივით გაგვახარეს შედეგით და არ გვითხრეს, რა ფასი გადავიხადეთ ამ შედეგის მისაღწევად.

ამ საქმის წარმატების ნაწილი, უფრო იმ ადამიანების მიღწევა გვგონია, ვინც დაუღალავად იბრძოლა ვაკის პარკის შესანარჩუნებლად. ყველაფერი რაც ვაკის პარკმა აჩვენა, სწორედ საზოგადოების აქტიურობის, ჩართულობის და ყურადღების საგანი უნდა გახდეს მომავალში. ზეიმის ფონზე,  საზოგადოებამ დღის წესრიგში მკაფიოდ უნდა დავაყენოთ საკითხი, რომ გამარჯვება არ არის ერთი პარკის გადარჩენა, გამარჯვება იქნება სისტემური ცვლილებები ქალაქის პოლიტიკაში!

***

ანანო ცინცაბაძე

იურისტი, წარმოადგენს ინიციატივას საჯარო სივრცისთვის  და ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამას.