ზედოზირების პრევენციისთვის სახელმწიფომ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას

14 დეკ, 2018

ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება. 14 დეკემბერი, 2018

„სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით”, – ნარკოპოლიტიკაზე მომიშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ეხმაურებიან ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ.

ასევე, მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას. გთავაზობთ განცხადებას:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ეს არ არის ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების პირველი ეპიზოდი მიმდინარე წელს. მაისში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ტრაგიკული ფაქტის შესახებ, რასაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია და თანმდევი მოვლენები მოჰყვა.

თუმცა, მაისიდან დღემდე, საზოგადოებას ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან, არ მიუღია სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, მათ შორის:

  • შესაბამის ორგანოებს არ გაუვრცელებიათ ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების, ექსპერტიზის შედეგების შესახებ;
  • ასევე, სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები მსგავსი ფაქტების პრევენციის, ზედოზირების დროს საჭირო ქცევის და პრაქტიკების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის;

რაც მთავარია, სახელმწიფოს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია და არ გადაუხედავს ნარკოპოლიტიკის სფეროში საკუთარი პოლიტიკისა და პრიორიტეტებისთვის. უფრო მეტიც, პარლამენტმა პრაქტიკულად უარი თქვა და გააჩერა ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვა და გაახანგრძლივა პრაქტიკაში დადასტურებულად არაეფექტიანი პოლიტიკის არსებობა.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ, მედია თუ საზოგადოებრივ დღის წესრიგში, ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მწვავე საკითხები მხოლოდ მძიმე და ტრაგიკული მოვლენების ფონზე აქტიურდება, რაც რაციონალური, არგუმენტირებული მსჯელობის შესაძლებლობას გამორიცხავს. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფების სპეკულაციური და პოპულისტური ნაბიჯები კი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებას და საკითხისთვის სოციალური მნიშვნელობის სრულად გამოცლას იწვევს. ამის ნათელი დემონსტრირება იყო, წინასაარჩევნოდ არაერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ნარკოპოლიტიკის თემით უსარგებლო მანიპულაცია, რამაც მხოლოდ ხელი შეუშალა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმას ქვეყანაში.

უცვლელი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ფუნდამენტურ პრობლემად რჩება ის, რომ სახელმწიფოს გააზრებული არ აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების და უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის პროცესში. არსებული რეპრესიული კანონმდებლობის და არსებითად დაუბალანსებელი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ყურადღების მიღმა რჩება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კრიტიკული სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები.

სახელმწიფო, რომელიც საკუთარ რესურსს ნარკოტიკების მოხმარებისა და ფლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ხარჯავს, ყურადღების მიღმა ტოვებს ნარკოვითარების სათანადო ანალიზის, ქვეყანაში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედების და შედეგების შესახებ კვლევის, ინფორმაციის ფართოდ გავრცელების და პრევენციული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის საკითხს.

თვალშისაცემი და სიმპტომატურია ისიც, რომ პერიოდულად, ნარკოვითარებასთან დაკავშირებული კრიზისისას, მთავარ მოთამაშედ კვლავ პოლიცია და სამართალდამცავი სისტემა გვევლინება, ჯანდაცვის სისტემის პოზიცია და პასუხისმგებლობა კი მუდმივად უხილავი რჩება.

შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ბოლო პერიოდში, ისევე როგორც მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული ინქოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ;
  • ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, შექმნას გაფართოებული სამუშაო პლატფორმა, სადაც პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით, განისაზღვრება მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები;
  • სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით;
  • საქართველოს პარლამენტმა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

​განცხადებაზე ხელმომწერები: